ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა

NGO-ები ბათუმის მეჩეთზე ხაზარაძისა და ვოლსკის განცხადებებს დისკრიმინაციულს უწოდებენ

0 კომენტარი
ახალი მეჩეთი ბათუმში

პლატფორმაში “არა-ფობიას!” შემავალი ორგანიზაციები ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დისკრიმინაციულ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემლახავ საჯარო განცხადებებს ეხმაურებიან.

"16 სექტემბერს, ბიზნესმენმა და სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი თურქეთში ქართული ტაძრების მდგომარეობის კონტექსტში განიხილა.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: "თქვენ იცით, რომ საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ტოლერანტობით და აქ არასდროს, არცერთ რელიგიას არ ჰქონია ისტორიულად შეზღუდვა, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ეს არის ის, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. როცა ლაპარაკია მეჩეთის მშენებლობაზე, მე არ ვიცი დეტალები, არც სასამართლო დავის დეტალები, გავეცნობი აუცილებლად, რომ საქმის კურსში ვიყო, მაგრამ ჩვენი ისტორიული ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, თქვენ გინახავთ რა მდგომარეობაშია?"

აღნიშნული განცხადება პოპულისტური შინაარსისაა, უგულვებელყოფს საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებას, ისარგებლონ რელიგიის თავისუფლებით და ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. დაუშვებელია, საქართველოში მეჩეთის მშენებლობის საკითხი და საქართველოს მოქალაქეების რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლება განხილული იყოს სხვა სახელმწიფოსთან პარალელის გავლებით, “ნაცვალგების” კონტექსტში.

ასევე, 17 სექტემბერს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტთან ინტერვიუში ბათუმში მეჩეთის მშნებლობის საჭიროებას “ხელოვნური პრობლემა” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად უნდა გადაწყდეს.

"რატომ არ აძლევთ [ნებას] არის არასწორი კითხვა. ქართულ მუსლიმ თემს აქვს საგანგებო დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, ყველანაირად. მეორე საკითხი არის, ის თემა, რასაც ჰქვია საზოგადოების კონსენსუსის აუცილებლობა. ვინაიდან მეჩეთებთან დაკავშირებით, ქართველ-მუსლიმ თემთა უფლებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ არსებობს, აქედან გამომდინარე არიან ადამიანები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემაა თვითონ ხელოვნური და მან შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ამის მხარდამჭერები მუსლიმ თემში არიან, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არის მნიშვნელოვანი. ამ თემის წამოწევა, გაღვივება, გამწვავება არის ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეჩეთთან დაკავშირებული დამატებითი კითხვის დასმის შემდეგ, გია ვოლსკი ჟურნალისტს აკრედიტაციის შეჩერებითაც დაემუქრა.

საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს წლების განმავლობაში არ ეძლევათ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის, ლოცვისა და შესაბამისად, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლება.

ხელისუფლების მხრიდან მრავალჯერადი, უშედეგო დაპირების შემდეგ, „ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ 2016 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა  შეაგროვა და მეჩეთისათვის მიწის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია. ამის შემდეგ, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ საკუთარი სახსრებით მიწის ნაკვეთი შეისყიდა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით 2017 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. მუსლიმ თემს ადგილობრივმა თვითმმართველობამ უარი უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

2017 წლის ივნისში მუსლიმთა საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის ძირითადი მოთხოვნა მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე  ბათუმის მერიის უარის ბათილად ცნობა, მერიისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალება, და ასევე  რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მისი შედეგების აღმოფხვრაა. იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არა ერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციაზე მიანიშნებს.  

ბათუმის მერიის გადაწყვეტილების კანონიერება 2017 წელს სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე იყო მიღებული. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის მერიას და მშენებლობის ნებართვაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, ახალი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ბათუმში მუსლიმების სალოცავი სივრცის პრობლემა და სახელმწიფო პოლიტიკა კრიტიკულადაა შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც.

მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული სასამართლო დავა ორ წელზე მეტია გაჭიანურდა. ბოლო სასამართლო სხდომა 2019 წლის 12 სექტემბერს გაიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს გამოაცხადებს.

ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები და ბათუმის მერიის მიდგომა აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის სამართლიანი და ადამიანის უფლებების სასარგებლოდ გადაწყვეტის პოლიტიკური ნება.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან არადომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელთა მისამართით პოპულისტური, თანასწორუფლებიანობის საწინააღმდეგო და დისკრიმინაციული რიტორიკა განსაკუთრებით თვალშისაცემია წინასაარჩევნო პერიოდებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საჯარო პირებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ქსენოფობიური და დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებების გაკეთებისგან და იხელმძღვანელონ კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი  (IDSDI)
  • საფარი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები