აშშ - გაერთიანებული სამეფო

ტრამპმა და ჯონსონმა საუდის არაბეთზე თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური რეაგირება განიხილეს

ბორის ჯონსონი და დონალდ ტრამპი
The Atlantic

პრემიერმინისტრმა ჯონსონმა და პრეზიდენტმა ტრამპმა დაგმეს საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა და სატელეფონო საუბარში ერთიანი დიპლომატიური რეაგირების საჭიროება განიხილეს. 

"მათ ირანზეც ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ მათთვის ბირთული იარაღის ფლობა არ უნდა დაეშვათ," - განაცხადეს ჯონსონის ოფისში.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა უსაფრთხოების საერთო საკითხების მოგვარებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს განსაკუთრებული ურთიერთობების მნიშვნელობა და განსაკუთრებით აღნიშნეს ირანის დესტაბილიზაციისკენ მიმართული საქციელი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ირანს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS-თან საუბარში თქვეს, რომ დაადგინეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის წყარო. მათი თქმით დრონები და რაკეტები ირანის სამხრეთ ტერიტორიიდან გაუშვეს.

საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა, რადგან სამხრეთით იყო მიმართული იემენიდან წამოსული თავდასხმის შესაჩერებლად.

სიტუაციის შესასწავლად საუდის არაბეთში ფრანგი ექსპერტები გაემგზავრნენ.

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საპასუხო გეგმის მომზადება დაავალეს, თუმცა თეთრი სახლი საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედონ. უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ეწვევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების ბრძანება გასცა.

18 სექტემბერს საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა თურკი ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ყოველგვარი კითხვის გარეშე, ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის სპონსორი ირანი იყო.

საუდის არაბეთში თავდასხმის დროს გამოყენებული დრონების და რაკეტების ნაწილები აღადგინეს, რომლებიც მათი თქმით, ირანში იყო დამზადებული.

თავდასხმაში 18 ამგვარი დრონი და 7 საკრუიზო რაკეტა გამოიყენეს. 

ირანი თავდასხმაში მონაწილეობას კვლავ უარყოფს.

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით ობიექტების სრულად აღდგენა თვის ბოლომდე მოხერხდება.

ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით იმუქრებიან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანი რეგიონში მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები