20 ივნისის ღამე

გახარია: მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობებს გავარკვევ

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურთან "ურთიერთობებს გაარკვევს", თუმცა არ პასუხობს კითხვას, დაეკონტაქტა, თუ არა მას 3 თვის განმავლობაში ან როდის აპირებს. 

ჟურნალისტებმა გახარიას მაკო გომურთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რომ მან დღემდე არ იცის, ვინ იყო ის პოლიციელი, რომელმაც თვალი გამოთხარა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ გამოძიება გრძელდება.

"მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობებს გავარკვევ," - პასუხობს გახარია.  

20 ივნისის აქციაზე დაზარალებულთან ურთიერთობის პირადად გარკვევაზე გახარიას აქამდეც უსაუბარია. 

6 სექტემბერს ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის კანდიდატი გახარია პარლამენტში ოპოზიციური პარტიების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წინაშე წარსდგა. ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, გახარიას მაკო გომურის კითხვა წაუკითხა, რაზეც გახარიამ თქვა, რომ "ეს არ არის კითხვა, ეს არის შეფასება" და ამ შეფასებისთვის მადლობა გადაიხადა. 

მოგვიანებით ტაბულას ჟურნალისტმა გახარიას მაკო გომურის კითხვა გაუმეორა, რაზეც გახარიამ მაშინაც თქვა, რომ "როგორმე მაკო გომურს პირადად გასცემს ყველა შეკითხვაზე პასუხს". 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა.

კომენტარები