აშშ

ჯო ბაიდენი ტრამპს სთხოვს, გამოაქვეყნოს მისი და ზელენსკის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი

ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზაფხულში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ტრამპი ზელენსკის სთხოვდა, დემოკრატიული პარტიის ერთერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის, შვილის მიმართ გამოძიება დაეწყო. 

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია გამოძიების დაწყებაზე ჰანტერ ბაიდენის მიმართ, რომელიც 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმა" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. 

CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 25 ივლისის სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპს ზელენსკისთან არ განუხილავს მიმდინარე დახმარების პაკეტი, რაც გამოცემისვე ცნობით, იმას მიანიშნებს, რომ ტრამპის მხრიდან ღია კორუფციულ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. 

უკრაინის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტში კი წერია: 

"ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ახალი მთავრობა უკრაინის იმიჯს სწრაფად გააუმჯობესებს და ბოლომდე მიიყვანს იმ კორუფციული გარიგებების გამოძიებას, რაც უკრაინასა და აშშ-ის ურთიერთობას ხელს უშლიდა". 

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად ჯო ბაიდენი 20 სექტემბერს გამოეხმაურა. ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპმა სასწრაფოდ უნდა გამოაქვეყნოს სატელეფონო ჩანაწერი, რათა ამერიკელმა ხალხმა თავად განსაჯოს. 

"თუკი ეს ცნობები სიმართლეა, მაშინ მართლაც საზღვარი არ ჰქონია პრეზიდენტ ტრამპის ნებას, ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება და შეარცხვინოს ჩვენი ქვეყანა. ეს ქმედება კერძოდ იმიტომაა შემზარავი, რომ ის იყენებს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ძირს უთხრის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მან გამოიყენა აშშ-ის ძალაუფლება და რესურსები იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინა სუვერენულ სახელმწიფოზე, პარტნიორზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ახლაც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა. ის უბიძგებს უკრაინას კანონის უზენაესობის დარღვევისკენ იმის იმედად, რომ ამის საფასურად პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს,"- დაწერა ბაიდენმა. 

2020 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დემოკრატიული პარტიიდან ერთერთი კანდიდატი ჯო ბაიდენია. 

კომენტარები