უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ალანია ყუფარაძის საქმეზე: ამ პირის ბრალეულობა უტყუარად დასტურდებოდა

მოსამართლე თამარ ალანიას ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფიო კილაძემ, გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზეც ალანიამ უპასუხა, რომ ყუფარაძის ბრალეულობა უტყუარად დასტურდებოდა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მოსამართლე თამარ ალანიას უსმენენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში წარსდგა დღეს კომიტეტზე. 

დეპუტატმა სოფო კილაძემ მას ჰკითხა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დატოვა მანსაქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში, რომელიც 14 წლის გვანცა ყუფარაძისთვის 5-წლიან პატიმრობასა და 5-წლიან პირობით სასჯელს ითვალისწინებდა. 

"და მეორე კითხვა, თუ გქონდათ თქვენ საკმარისი მტკიცებულებები, ხომ არ ფიქრობთ, რომ 14 წლის გოგონას მიმართ ასეთი სასჯელი იყო ნამდვილად არათანაზომიერი?" - ჰკითხა კილაძემ ალანიას. 

ალანიას თქმით, ნებისმიერ მსურველს, ვისაც სამეცნიერო კვლევის თვალსაზრისით ეს საქმე აინტერესებს, მას შეუძლია ის არქივში ნახოს. ალანია მიიჩნევს, რომ როგორც კრიმინოლოგიური, ასევე არასრულწლოვნის ფსიქოლოგიის კვლევის კუთხით გვანცა ყუფარაძის საქმე ძალიან საინტერესოა. 

"რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მე არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით არათუ თამარ ალანია, ნებისმიერი მოსამართლე, რომლის წინაშეც წარსდგებოდა ეს საქმე, მისი დაზარალებულის ჩვენებებით, რომელიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული ყველა ეტაპზე, იმ მოწმეთა ბაზის მიხედვით, რომელიც საქმეში იყო წარმოდგენილი, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით, უტყუარად დასტურდებოდა ამ პირის ბრალეულობა,"- ამბობს თამარ ალანია. 

14 წლის გვანცა ყუფარაძეს 2007 წელს ბრალი კლასელის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდეს. მას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიამაც, 2008 წელს კი უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

თამარ ალანია წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარსადგენ კონკურსში მონაწილეობდა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ გასაუბრებაზე თეა წულუკიანმა ის მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ მისი "გადაწყვეტილების გამო ყუფარაძემ საქმე კი არა, ლამის სიცოცხლე წააგო". 

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი, რომელშიც გვანცა ყუფარაძე მის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე მიუთითებდა, 2009 წლის მარტში შევიდა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება 2017 წლიწ 22 სექტემბერს გამოიტანა და დაადგინა, რომ არც ერთ მუხლში ყუფარაძის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენცია არ დარღვეულა.

კომენტარები