პრეზიდენტის შეწყალება

გაბუნია: ჩემი მოთხოვნით ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარეობს, მოვითხოვ პასუხს ცილისწამებაზე

მთავარი არხი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ აინტერესებს "ვის დასჭირდა მისი სახელის გათხვრა" და შეწყალების საქმესთან მისი დაკავშირება. 

გაბუნიას თქმით, მისი მოთხოვნით, მიმდინარეობს დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება.

"ვის დასჭირდა ჩემი სახელის და გვარის გათხვრა, ეს უკვე მე მაინტერესებს. იურისტთა ჯგუფი, ადვოკატთა ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს ჩემი მოთხოვნით დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებაც ამასთან დაკავშირებით. მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომელიც ამ კვირეების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გეუბნებით გულწრფელად. ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი სამეგობრო არიან განადგურებული, ესე არ შეიძლება რა ხალხო თითის დადება. ვის ინტერესში იყო ჩემზე თითის დადება, ჩემი სახელის და გვარის დასახელება, არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურას მივმართო და გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა", - თქვა გაბუნიამ.

ის არ აკონკრეტებს რომელი მედია აწარმოებს ჟურნალისტურ გამოძიებას და არის თუ არა ამასთან კავშირში მისი ყოფილი პარტნიორი პაატა სალია, რომელიც ახლა რუსთავი 2-ს ხელმძღვანელობს.

ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აღნიშნავს, რომ ცამდე მართალია და ყველა მოითხოვს ყველა იმ ადამიანის პასუხისგებას, ვინც "ეს დაგეგმა".

"ეს ყველაფერი რომ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის და საზოგადოების წინაშე ვარ ცამდე მართალი, საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი, აი, მერე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა, სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას. რას გავაკეთებ, თქვენთვის ღია იქნება, მედიისთვის", - თქვა გაბუნიამ.

ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს, დიმიტრი გაბუნიამ მედიასთან თქვა, რომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტია ამ ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს და ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მათი წყარო საადვოკატო წრეებთან არის დაკავშირებული.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები