პრეზიდენტის შეწყალება

ვინ არის ანგი ხუციშვილი, ვისკენაც დიმიტრი გაბუნია ხელს იშვერს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პირდაპირ არ თქვა, მაგრამ მიანიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ანგი ხუციშვილმა გადასცა. გაბუნიამ მხოლოდ მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის გარკვევა არ გაუჭირდებათ.

"ამისთვის ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, ეს არის შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც იყო დაკავებული ჩემი ინფორმაციით თავიდან ბოლომდე, თვეების განმავლობაში, ამ სიის შედგენით. არც პირდაპირ, არც ირიბად ამის გარკვევა თქვენ არ გაგიჭირდებათ", - თქვა დღეს, 23 სექტემბერს დიმიტრი გაბუნიამ.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, საუბრობს თუ არა ანგი ხუციშვილზე, პასუხად კი მან გამოძიების ინტერესებზე მიუთითა.

"მიბრძანდება ის ადამიანი და ადამიანები გამოძიებაში და...", - დასძინა გაბუნიამ.

საადვოკატო საქმიანობის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასული გაბუნია სწორედ ის ადამიანია, ვისაც დაუკავშირა სხვადასხვა მედიამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიის შედგენა.

დღეს გაბუნიამ სიასთან კავშირი გამორიცხა და თქვა, რომ თავადაც აინტერესებს "ვინ შეადგინა ეს სია, ვინ დაუდო ეს სია პრეზიდენტს და რატომ მოხდა ეს".

"მე თათბირზეც, რომ ჩამოვედი, პრეზიდენტსაც ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილებები არის მიუღებელი. არაფერი მიპასუხა, ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა და მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე", - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

ვინ შეადგინა ეს სია და რატომ მოხდა ეს, საზოგადოებასაც აინტერესებს, თუმცა, ამ პასუხები ამ დრომდე უცნობია. რაც შეეხება კითხვას "ვინ დაუდო ეს სია პრეზიდენტს", ამაზე პასუხის შეწყალების შესახებ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს - ანგი ხუციშვილმა. თუმცა, ეს კადრები არ ნიშნავს იმას, რომ სია აუცილებლად ხუციშვილმა "დაუდო" პრეზიდენტს - შესაძლოა, ეს სცენა იყოს დადგმული სპეციალურად, მხოლოდ მედიისთვის განკუთვნილი ვიდეო კადრებისთვის.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებულის შეწყალებაზე საზოგადოებამ სწორედ ანგი ხუციშვილისგან, შესაბამის ბრიფინგზე გაიგო. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ შეწყალებულთა შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია და რომ "შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს".

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ შეწყალებულთა შორის არიან განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულები, ნარკორეალიზატორები და ძებნილიც კი. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს არაფერი უთქვამს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 1987 წელს დაბადებული ანგი ხუციშვილი ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. მის საკუთრებაშია სახლი და მიწის ნაკვეთი, ასევე, ბინა და ავტოფარეხი თბილისში. გარდა ამისა, ის ფლობს 2006 წლის მოდელ ნისან ტიდას. მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში კი არის უძრავი ქონება თბილისში, ყაზბეგსა და საგარეჯოში, ასევე, მსუბუქი ავტომანქანა.

2018 წელს ანგი ხუციშვილი იყო იმ საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. ის აქტიურად მონაწილეობდა ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაშიც და იძებნება შემომწირველთა სიაშიც.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ბოლო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა, შეწყალების კომისია აღარ ფუნქციონირებს. მართალია, კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს მსჯავრდებული ისე, რომ ამაზე აზრი არავის ჰკითხოს, თუმცა, პრაქტიკაში, ძირითადად, შეწყალება სწორედ კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე ხდებოდა.

შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, უცნობია, ვისი რჩევებით ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი. დღეს ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებების შემდეგ ამ საკითხით დაინტერესდა და პროცედურის შესახებ ინფორმაცია მოიძია.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არის შეწყალების დეპარტამენტი, სადაც გროვდება განცხადებები, "მიდის ამის ფილტრაცია" და მერე შედის პრეზიდენტთან.

"ამაზე პასუხისმგებელი პირი, კონკრეტულად, შეწყალების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ხო არ შედის პრეზიდენტთან... თვეების განმავლობაში მიდიოდა ალბათ მუშაობა ამასთან დაკავშირებით. აი, ეს პროცედურაა და მერე შედის პრეზიდენტთან. ვინაიდან კომისია არ არი, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. დანარჩენი გამოძიებასთან ხალხო, ყველაფერს ხო ვერ ვიტყვი", - თქვა დღეს, 23 სექტემბერს დიმიტრი გაბუნიამ და დაამატა, რომ არავის ადვოკატირებას არ აპირებს [სტილი დაცულია].

პრეზიდენტის მოქმედი საპარლამენტო მდივნის დღევანდელ განცხადებას ანგი ხუციშვილისგან ან ადმინისტრაციისგან რეაქცია არ მოჰყოლია. თავად სალომე ზურაბიშვილი ამ დროისთვის სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე იმყოფება.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტია ამ ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს და ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მათი წყარო საადვოკატო წრეებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები