უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

PACE მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს

0 კომენტარი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლაცეანი და კლოდ კერნი ვიზიტის შემდეგ იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში გამოვლინდა. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ფორმაზე, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში გადაგზავნილი კანდიდატების სია შეადგინა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ანგარიშშია საუბარი.   

მოხსენებაში აღნიშნულია ის ხარვეზები, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველმა, OSCE/ODIHR-მა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმაც გაუსვეს ხაზი. მათ შორის არის შერჩევის ერთიანი და მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შერჩეული კანდიდატებისთვის გადაჭარბებული დისკრეციული უფლების მინიჭება. თანამომხსენებლების თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვერ წარმოადგინეს არგუმენტები, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი წარდგენილ კანდიდატებზე. მათივე თქმით, არსებობდა კითხვები კანდიდატთა კვალიფიკაციისა და ინტერესთა აშკარა კონფლიქტის ბრალდებათა საკითხზე.  

"ყველა აღნიშნული ხარვეზის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ ხელისუფლება სრულად გაითვალისწინებდა ვენეციის კომისიის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნის შესახებ. განსაკუთრებით, ფარული კენჭისყრის, ერთიანი კრიტერიუმებისა და არგუმენტების შესახებ. ჩვენ ველით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ რეკომენდაციებს ყველა დანიშვნისა და კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად გაითვალისწინებს,"-წერია მოხსენებაში.  

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც შერჩევის პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა, პარლამენტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, გამოასწოროს ეს პროცესი. მათი თქმით, პარლამენტში არგუმენტირებული გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გაიმართოს ღია და გამჭვირვალე გასაუბრებები, რომლებიც დაეყრდნობა ერთიან კრიტერიუმებს.  

"იმის გათვალისწინებით, რომ დაისვა კითხვები კანდიდატთა სიის ხარისხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა დანიშნოს მხოლოდ მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა, რაც საჭირო იქნება უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. დანარჩენი პოზიციები უნდა შეივსოს კანდიდატთა ახალი სიით, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაადგენს. სასურველია, ეს მოხდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად,"-აღნიშნეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა.  

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები