სასამართლო სისტემა

სქემა, გარიგება, ნეპოტიზმი - როგორ მიმდინარეობს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კონკურსი 

თამთა ნაჭყებია
0 კომენტარი

საქართველოს უზენაესი სასამართლო 20 ახალი მოსამართლით უნდა შეივსოს. მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ დაინიშნებიან, კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და მედეგობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ვაკანტური ადგილებისთვის ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილი სისტემაში არსებულ კორუფციაზე, გარიგებებსა და კლანზე ალაპარაკდნენ, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება, წარსულში მიუღიათ არაერთი საეჭვო გადაწყვეტილება, ახლა კი “სასამართლო საკუთარ ბიზნესად აქციეს” და პოზიციების დათმობას არ აპირებენ. 

მიუხედავად ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის წინააღმდეგობისა და განცხადებებისა, რომ კონკურსი დარღვევებით მიმდინარეობს, რაც მისი ჩაშლის საფუძველსაც იძლევა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო 17 ივლისს. უკვე გამოკითხულია 28 კანდიდატი. . 

მთლიანობაში საბჭო 50 კანდიდატს მოუსმენს, რომელიც თავდაპირველი 137 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით შეირჩა. როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ასევე სახალხო დამცველს ეჭვი აქვთ, რომ ამ მოკლე სიის შედგენა საეჭვო სქემით, ნეპოტიზმით და გარიგებით შედგა. ამის გამო ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე კონკურსის გაუქმებასაც ითხოვდნენ. 

მოთხოვნა ახლაც ძალაშია, თუმცა, პარალელურად, ჯანეზაშვილი და დოლიძე კანდიდატებთან გასაუბრებაში მაინც მონაწილეობენ. 

ნაზი ჯანეზაშვილი ტაბულასთან ამის მიზეზს ხსნის: 

“მე რომ ის შეკითხვები არ დავსვა, რომელიც, ვფიქრობ, რომ საინტერესოა და ბევრ ინფორმაციას გვაძლევს კანდიდატებზე, გასაუბრებები მშვიდ ვითარებაში ჩაივლიდა. გაესაუბრებოდნენ დღეში 5 ადამიანს, დაუთმობდნენ მაქსიმუმ 1 საათიდან საათნახევრამდე დროს, დასვამდნენ ისეთ შეკითხვებს, რაც ყველასთვის იქნებოდა კომფორტული და მერე მაინც იმ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, რაც თავად უნდათ, რასაც სხვათა შორის, ისედაც მიიღებენ. ამ პროცესით, გასაუბრებებით, არაფერი იცვლება, მაგრამ ხალხმა ხომ მაინც გაიგო, ვისთან გვაქვს საქმე და ამის იმედი მაქვს. ხალხმა რომ გაიგო, ვისთან გვაქვს საქმე და რა სიტუაციაა, შეფასების საშუალება რომ გვეძლევა, ესეც რაღაცას ნიშნავს და შესაძლოა მოგვიანებით გამოიღოს შედეგი. დღეს არ არის არსებითი ცვლილებების მისაღებად საჭირო პოლიტიკური ნება, მაგრამ მომავალში ამ ჩანაწერებს მაინც ექნება გავლენა, ისტორიას დარჩება”. 

როგორ დაიწყო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი

კონსტიტუციის ბოლო რედაქციით, რომელიც ძალაში 2018 წლის 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. ახლა სასამართლოში 8 მოქმედი მოსამართლე და 20 ვაკანტური თანამდებობაა. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესიც 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. 

გასული წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. 

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება. 

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს. 

რამდენიმე თვის შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა ირაკლი კობახიძის და კიდევ რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ კანონპროექტსაც აკრიტიკებდნენ, თუმცა, უმრავლესობამ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა და კანონი მათთვის სასურველი ჩანაწერებით დაამტკიცა. 

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭო სწორედ 20 კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტი კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის და მათ დანიშნავს ან არ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

დარღვევები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იკვეთება, 

ინტერესთა კონფლიქტია. 

კერძოდ: 

უზენაესი სასამართლოს უვადოდ განმწესების ერთ-ერთი მსურველი, ლევან თევზაძე, რომელიც უკვე არის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. 

თევზაძესთან გასაუბრებას შენგელია ესწრებოდა და ნაზი ჯანეზაშვილის მოთხოვნას აცილების შესახებ არა თუ დაეთანხმა, აგრესიითაც უპასუხა. შენგელია ითხოვდა, ჯანეზაშვილს მისთვის კონკრეტული კანონის ის ნორმა დაესახელებინა, რომლის საფუძველზეც მას გასაუბრებაზე დასწრების უფლება არ აქვს (ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 33/1 - ინტერესთა შეუთავსებლობა). 

“არც მეგონა, რომ ამაზე ლაპარაკი მომიწევდა. ვერაფრით გავაგებინე მოსამართლეებს, რომ ცოლის ძმის გასაუბრებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. თვითონ არის მოსამართლე, ცოლის ძმაც მოსამართლეა და სხედან და უყურებენ ერთმანეთს. [შენგელიამ] კითხვები არ დასვა, სხვათა შორის. ეს ნახევრად მონაწილეობა რა არის, საერთოდ ვერ გავიგე, თუ მონაწილეობ გასაუბრებაში, ბარემ კითხვებიც დასვი. 

რა არის ინტერესთა კონფლიქტიო, ყვიროდა იმ დღეს ირაკლი შენგელია. ორგანული კანონი თუ არ წაუკითხავს, ელემენტარული პრინციპებიდან გამომდინარე მაინც უნდა იხელმძღვანელოს, მოსამართლეს ამდენი უნდა ესმოდეს. კანონმდებელს მსგავსი ნორმის ჩაწერა რომც გამორჩეს, ნეპოტიზმი რომ დაუშვებელია, მგონია, ისედაც ცხადი უნდა იყოს”, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

ირაკლი შენგელიას ნათელმირონობა აკავშირებს საბჭოს კიდევ ერთ წევრთან, ზაზა ხარებავასთან. 

“ხარებავა იმიტომაც გახდა საბჭოს წევრი, რომ მეჯვარეობა აკავშირებთ ერთმანეთთან და ერთმანეთის ახლობლები არიან”, - ამბობს ჯანეზაშვილი. . 

კიდევ ერთი კანდიდატის ახლობელია საბჭოს წევრი თამარ ონიანი - ონიანის ქმარი ზურაბ აზნაურაშვილი ძმა, გიორგი აზნაურაშვილია

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ონიანის თქმით, ის ქმარს უკვე დაშორდა, თუმცა, დოკუმენტებში მსგავსი არაფერი ჩანს. ამასთან, ზურაბ აზნაურაშვილი მისი შვილების ბიძაა და ეს აცილების საფუძველია. 

“არ ვიცი, დაშორებულია თუ ნაჩხუბარია, მაგრამ დაშორებულიც რომ იყოს, მაინც არის ინტერესთა კონფლიქტი და ესეც ვერ გავაგებინე მოსამართლეებს. მისი შვილების ბიძა ხომ არის ის კაცი, ბოლოს და ბოლოს. მის გასაუბრებას რომ არ უნდა ესწრებოდეს და აცილება გააკეთოს, ვერ გავაგებინე”. 

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია, ამასთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი - ის გასაუბრებებში არ მონაწილეობს, თუმცა, ხელი მიუწვდება ყველა სხვა კანდიდატის დოკუმენტაციაზე, რის გამოც სხვებთან უპირატეს მდგომარეობაშია. 

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს: 

მიქატუაძეს ყველა კანდიდატის დოკუმენტებზე მიუწვდება ხელი. ონლაინ ხედავდა, ვის რა შემოჰქონდა, რას წერდნენ და ა.შ ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა. 

ასევე, ის აპარატი, რომელიც კანდიდატებზე, მათ შორის მიქაუტაძეზე აგროვებს ინფორმაციას, არის მისსავე დაქვემდებარებაში. ის არის შესაბამისი დეპარტამენტის აპარატის უფროსი. 

მე ველოდი იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მიქაუტაძე ფიგურირებს - საქმე ეხება 2016 წელს გონიოში ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტს. ელოდებოდი, რომ საქმის მასალებში იქნებოდა ინფორმაცია ამ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. დოკუმენტების გადმოცემის ვადის დასრულების დროს ეს ინფორმაცია მასალებში არ იყო. როცა მე მოვთხოვე აპარატს და პირადაპირ ვუთხარი, რომ ტენდენციურები არიან, ვინაიდან ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე არ აქვთ საქმის მასალები, იძულებულები გახდნენ, ვადების დარღვევით გამოეთხოვათ ინფორმაცია პროკურატურიდან და ჩვენთვის მოეწოდებინათ”. 

სხვა ნიუანსები

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ტაბულასთან იმ სხვა დეტალებზეც საუბრობს, რომლებიც ასევე არის კანონდარღვევა, მათ შორის არის ის, რომ საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი სხდომებს ხელმძღვანელობს.

“არ არსებობს არც ერთი ნორმა არც ერთ კანონში, რომლის საფუძველზეც გვრიტიშვილს ამის უფლება აქვს”, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

მას შემდეგ, რაც ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თავმჯდომარე არ ყავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც და მის მოვალეობა საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე ითავსებს. თუმცა, იმის გამო, რომ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში თავადაც მონაწილეობს, გასაუბრებებს არ ესწრება. 

“დიდ სურათში რომ წარმოიდგინოთ, საბჭოს მდივანი ყავს, აპარატის უფროსად მიქაუტაძე დარჩა. სხვა სხდომებსაც მიქაუტაძე ესწრება და მონაწილეობს, მხოლოდ იმ ნაწილში, ამოჩეხილად არ მონაწილეობს თავმჯდომარედ და მდივნად, სადაც გასაუბრებებია და რამე უზენაესთან დაკავშირებით წყდება. ესეც არსად წერია და თვითონ მოიგონეს. საკმაოდ კრეატიულად უდგებიან კანონებს, როცა თვითონ სჭირდებათ. 

ასევე თვითონ მოიგინეს და დაადგინეს, რომ სერგო მეთოფიშვილი ხსნის სხდომებს. მე რატომ არ ვხსნი სხდომას ან ანა ან ვინმე სხვა. ჩვენც საბჭოს წევრები ვართ. ის ხსნის სხდომას და აყენებს საკითხს, რომ მოდი, ავირჩიოთ გვრიტიშვილი. ირჩევენ გვრიტიშვილს და იწყება სხდომა. ამის გამო, სრულიად თამამად შეიძლება ითქვას, რომ გვრიტიშვილის თავმჯდომარეობაც და სხდომებიც არის არალეგიტიმური. ეს კანონდარღვევები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი (კანდიდატები) არც უნდა იყოს განხილული, იმიტომ რომ გვრიტიშვილს არ აქვს თავმჯდომარეობის უფლება”, - გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი. 

გასაუბრება კანდიდატებთან 

ამ დროისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50-დან 30 კანდიდატი გამოჰკითხა. თავდაპირველად დღეში 5 მათგანთან გასაუბრება იგეგმებოდა, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ნაზი ჯანეზაშვილს კანდიდატებთან იმაზე მეტი კითხვა აღმოაჩნდა, ვიდრე ამის მოლოდინი ან სურვილი ჰქონდათ საბჭოს მოსამართლე წევრებს.

ჯანეზაშვილის თქმით, ნათელია, რომ პროცესი ფორმალურია.

“გასაუბრებაზე ძალიან კარგად ჩანს, რომ ზოგიერთ კანდიდატს ეხმარებიან, დახმარება შეძლება იყოს კითხვაზე პასუხის გაცემისას, ან თუ კითხვაზე სწორად ვერ სცემს პასუხს ადამიანი, მაშინ ხმაურობენ, ყვირიან, მაჩუმებენ, იმისათვის, რომ ჩემი ხმა ჩაახშონ, ხელი შემიშალონ და ვერ გავაგრძელო გასაუბრება. ზოგჯერ ჩანს, რომ წინასწარ არის ხოლმე დაგეგმილი კითხვა-პასუხი. ზედმეტად მობილიზებულები არიან ზოგიერთ კანდიდატთან მიმართებაში. ესეც კითხვებს აჩენს, არაბუნებრივად გამოიყურებიან. ზოგიერთ შემთხვევაში საბჭოს ბევრი წევრი ტოვებს გასაუბრებას და გადის, მათთვის საინტერესო კანდიდატებთან მიმართებაში ასე არ იქცვიან”. .

ჯანეზაშვილს კანდიდატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმა შეურაცხყოფების და თავდასხმების ფონზე უწევს. ის კოლეგებს სიჩუმეს და ერთმანეთის პატივისცემას სთხოვს, პასუხად კი იღებს განცხადებას, რომ ისინი უკვე სცემენ ერთმანეთს პატივს, მას კი მოუწოდებენ, გააგრძელოს კითხვების დასმა. საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ჯანეზაშვილს სდომაზევე ხშირად მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით.

სახალხო დამცველის განცხადება

ომბუდსმენმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ თქვა, რომ შესაძლოა მოკლე, 50-კაციანი სიის შედგენა კონკრეტული სქემით და გარიგებებით მოხდა. 

ომბუდსმენი წერს: 

“20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა (გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის შესაბამისად). ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. კერძოდ:

  • გამოვლინდა 4 ბიულეტენი, სადაც ჯამში 137 კანდიდატიდან ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი იყო შემოხაზული;
  • გამოვლინდა სხვა 3 ბიულეტენი, სადაც ჯამში 137 კანდიდატიდან შემოხაზული იყო სხვა ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი (და არა ისინი, ვინც პირველ პუნქტში ნახსენებ 4 ბიულეტენში იყო შემოხაზული);
  • გამოვლინდა სხვა 2 ბიულეტენი სადაც შემოხაზული იყო მეორე პუნქტში მითითებულ 3 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და კიდევ სხვა 5 კანდიდატი;
  • გამოვლინდა სხვა 1 ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო პირველ პუნქტში მითითებულ 4 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და მესამე პუნქტში მითითებულ 2 ბიულეტენში შემოხაზული 5 კანდიდატი.

მოცემული 10 ბიულეტენის ჯამში 5 ხმა მიიღო 30-მა კანდიდატმა, 4 ხმა - 5-მა კანდიდატმა, ხოლო 3 ხმა - 10-მა კანდიდატმა (სულ 45 კანდიდატი). ყველა მათგანი გადავიდა შერჩევის მომდევნო ეტაპზე. დანარჩენ 3 ბიულეტენში ამ ხარისხის დამთხვევა არ გამოვლენილა და მათში შემოხაზული 5 კანდიდატი, რომელსაც დარჩენილი 10 ბიულეტენიდან არც ერთი ხმა არ მიუღია, გადავიდა შემდეგ ეტაპზე.

ზემოაღნიშნულ 10 ბიულეტენს შორის ასეთი მაღალი ხარისხის დამთხვევა კითხვებს აჩენს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შერჩევის ამ ეტაპისათვის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმი არ განსაზღვრულა მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი აღიარებს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას დაიკავოს საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”. 

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს: 

“ეს ბიულეტენები მეც მიდევს მაგიდაზე და მეც იგივე დასკვნები გამოვიტანე, მაგრამ კარგია, რომ ამაში სახალხო დამცველიც ჩაერთო. 

შეჯამებული რიცხვებიდან გამოჩნდა, რომ საბჭოს 10 წევრი ერთიანი სქემით მოქმედებდა და ამ ერთიან სქემაში ჩართული იყო ის 45 კანდიდატი, რომელიც გადავიდა შემდგომ ეტაპზე. ანგარიშიდან, საიდანაც ჩანს, რომ გარიგებულები იყვნენ და თვითონ გასაუბრების პროცესი ჩემში არ იწვევს ნდობას და განცდას, რომ ვინმეს მართლა უნდა, ეს პროცესი იმისთვის, რომ კარგი კანდიდატი შეარჩიოს”. 

ნაზი ჯანეზაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ 7 კანდიდატი იმ 10-კაციანი სიიდან, რომელიც საბჭომ დეკემბერში წარმოადგინა, მიმდინარე კონკურსში კვლავ მონაწილეობს: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.  მისი აზრით, ეს ადამიანები აუცილებლად მოხვდებიან იმ 20-კაციან სიაში, რომელსაც საბჭო პარლამენტს წარუდგენს. მისივე ვარაუდით, სიაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება “გარედან მოსულ ადამიანს”, რომელსაც კლანის მხარდაჭერა არ აქვს. 

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში არ მონაწილეობენ მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, რომლებსაც ჯანეზაშვილი კლანის წევრებს უწოდებს და ამას გამარჯვებად მიიჩნევს. 

“ჩინჩალაძე ყველაზე გავლენიანი პირი, ყველაზე ოდიოზური, ყველაზე საშიში. ის ფლობს ძალიან დიდ ძალაუფლებას, მთელ სასამართლო სისტემაში ადრეც ჰქონდა ამ ადამიანს ეს ძალაუფლება, ახლაც აქვს, მაგრამ ეს ადამიანი ამ სიაში არ არის. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში არსებითი ცვლილებები განხორციელდეს. ჩინჩალაძე მაინც არის სისტემაში, მაინც აქვს ძალაუფლება მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოშია, მაგრამ ის, რომ არ არის სიაში, მაინც არის იძულებითი, მაგრამ უკანდახევა”.

​მთავარი პროკურორი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განმწესება საქართველოს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძესაც სურს. საბჭომ ის უკვე გამოკითხა.

უვადო მოსამართლის პოსტზე თადუმაძის რეკომენდატორები ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან - დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე და ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი. მიუხედავად ამისა, თადუმაძე ამბობს, რომ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია.

სხდომაზე მან გააკრიტიკა ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე იმის გამო, რომ ისინი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და თქვა, რომ ეს სასამართლო სისტემის რეპუტაციას აზიანებს.

ასევე, აგრესიით უპასუხა ნაზი ჯანეზაშვილის შენიშვნას, რომ არ აქვს წაკითხული სასამართლო სისტემის განვითარების სტრატეგია და უთხრა, რომ შენიშვნას არ მიიღებს, რადგან “მასზე მაგარი იურისტია”.

უარი თქვა, პასუხი გაეცა ზოგიერთ კითხვაზე საბაბით, რომ მთავარი პროკურორია და ყველა საკითხზე ხმამაღლა საუბრის უფლება არ აქვს

ნაზი ჯანეზაშვილი თადუმაძის ამ ქმედებებსაც სასამართლო სისტემაში გარიგებებს უკავშირებს.

“ძალიან გამიკვირდა ეს. როცა გასაუბრებაზე გადიხარ,, ცდილობ, კომისიას თავი მოაწონო, შენი დადებითი მხარეები დაანახო და კარგი შთაბეჭდილება დატოვო. ის კი პირდაპირ იერიშით მოვიდა ანუ გააკეთა განაცხადი, რომ საერთოდ არ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ანუ თქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერა არ სჭირდება”.

მედეგობის კრიტერიუმი

მოსამართლე მედეგი და გამბედავი უნდა იყოს. თუმცა, ნაზი ჯანეზაშვილის დასმულ კითხვებზე, არის თუ არა სასამართლო სისტემაში კლანი ან არის თუ არა მათთვის სანდო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, არსებული ნეპოტიზმისა და გარიგებების გამო, პირდაპირი პასუხი ჯერ ვერც ერთმა კანდიდატმა გასცა. 

“მესმის, რომ საკმაოდ დელიკატური საკითხი შეიძლება იყოს კანდიდატისთვის, როცა მიდიხარ გასაუბრებაზე და ჯდები ადამიანებთან, რომლებსაც ჰქვიათ კლანი. მაგრამ პირდაპირ წერია კანონში, რომ მოსამართლე უნდა იყოს მედეგი. როგორ შეიძლება, ის მოსამართლე იყოს მედეგი, რომელიც ვერ იღებს ხმას რეალობაზე, სასამართლო სისტემაში მძიმე სიტუაციაზე. 

ამ მოსამართლეების ნაწილი უკვე არის უვადოდ დანიშნული ქვედა ინსტანციის სასამართლოებში. მოსამართლეობის კრიტერიუმი იდენტურია. ახლა გამოვიდა, რომ ის მოსამართლეები თავის დროზე ისე დაინიშნენ, რომ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. 

გასაუბრებაზე რომ გამოდის ადამიანი და იქ ვერ ამბობს სიმართლეს, კაბინეტში რომ დარჩება ერთი-ერთზე რომელიმე გავლენიან მოსამართლესთან, იქ ის ხმის ამომღებია რამეზე? რა თქმა უნდა, არა. ეს არის საშიში. აირჩევენ თუ არა მათ უზენაესში, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ხომ არიან უკვე უვადო მოსამართლეები სხვა ინსტანციაში, რომელიც ხმას ვერაფერზე იღებენ”, - გვეუბენა ნაზი ჯანეზაშვილი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები