სასამართლო სისტემა

ოქრიაშვილი: ვეტინგზე ასეთი წინააღმდეგობა სასამართლოს კორუმპირებულობის მტკიცებულებაა

რას ნიშნავს მოსამართლეთა ვეტინგი?! ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მეთოდისა და კრიტერიუმების შემუშავება. ანუ .. სტანდარტული შემოწმებით დგინდება, არის თუ არა მოსამართლე კეთილსინდისიერი და შეესაბამება თუ არა დაკავებულ თანამდებობას. ვფიქრობ, ნაკლებად საინტერესოა, ვინ ამოწმებს - მთავარია, შემოწმდეს ხარისხიანად. გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად ნიშნავს მოსამართლეებს, მათ ხარისხიანად ვერ შეამოწმებს. ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა

ყველამ ვიცით, რომ თუ ქვეყანაში ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო არ იქნება, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდის სამართლიანი გადანაწილება ვერ მოხდება. ხელისუფლების უარი აზარალებს, პირველ რიგში, თავად სასამართლოს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. თუ ვამოწმებთ ყველა სფეროს წარმომადგენელს, სპორტსმენიდან და მასწავლებლიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრით დასრულებული, მაშინ რატომ ვამბობთ უარს მოსამართლეების შემოწმებაზე?! ხომ ვნიშნავთ მოსამართლეებს უვადოდ, სწორედ ამიტომ მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვამოწმოთ მათი კეთილსინდისიერება

მომიტევეთ, მაგრამ განვმეორდები - თუ გვინდა, კარგად ვიცხოვროთ, ამ ქვეყანაში კორუფცია არ უნდა იყოს, რასაც მხოლოდ დამოუკიდებელი და პატიოსანი სასამართლო უზრუნველყოფს. იქნება კორუფცია?! ვიქნებით მშივრები და როგორი მშიერიც ახლაა ეს ქვეყანა, ასეთივედ დარჩება!

წერს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე ხელისუფლების უარზე.
 

კომენტარები