პრეზიდენტის შეწყალება

წულუკიანი: არ მგონია, რომ რომელიმე დანაშაულზე შეწყალება უნდა აიკრძალოს, დასახვეწია სისტემა

ტაბულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ კონკრეტული დანაშაულების ჩამდენების შეწყალება კანონით არ უნდა აიკრძალოს. თეა წულუკიანის აზრით, საჭიროა დადგინდეს მკაფიო კრიტერიუმები, როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება.

"როდის ნიშნავს იმას, რომ გამორიცხული უნდა იყოს მკვლელის შეწყალება, თუ მას მისჯილი აქვს მაგალითისთვის, 9 წელი, ორი წლის თავზე. თუ მკვლელს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ჩვენ ალბათ არ უნდა დავუშვათ ის, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდეს 20 წლის, 25 წლის შემდეგ, მისი ასაკიდან, ჯანმრთელობის მდომარეობიდან, მონანიების ხარისხიდან, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხარისხიდან გამომდინარე, არ სარგებლობდეს შეწყალების უფლებით", - თქვა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ.

მისი აზრით, "აკრძალვების გზით არ უნდა ვიაროთ" და დასახვეწია ისიც, ვინ შეაფასებს კონკრეტულ პატიმარს.

გარდა ამისა, თეა წულუკიანის აზრით, მნიშვნელოვანია კრიტერიუმებში შეტანილი იყოს დაზარალებულის კომპონენტი, მისი აზრი კონკრეტული პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით.

"ამას ვერ შეაფასებს ვერც პრეზიდენტი, ვერც მინისტრი და ვერც მხატვარი. ეს უნდა შეაფასოს რეაბილიტაციის, რესოციალიზაციის სპეციალისტმა, მედიატორმა, თუკი დაზარალებულთან მედიაცია ჩაითვლება საჭიროდ. ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, როდესაც მკვლელობაა სახეზე, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული იყოს თანახმა და ამას მედიაციის პროცესი სჭირდება. გარდა ამისა, ბევრი სხვა პროცესი, რომელიც დღეს შეწყალების სისტემის ფარგლებში არ ხდება. ეს არის სწორედ ხარვეზი. მაგალითად, ჩვენ გვყავს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული, რომელიც უვადო პატიმარია. ჩვენ მას უნდა ვუთხრათ, რომ იცი რა, შენ საპატიმროდან წახვალ სასაფლაოზე? ალბათ არ უნდა ვუთხრათ, იმიტომ, რომ ეს ყველა ევროპულ სტანდარტს არღვევს", - აღნიშნა წულუკიანმა.

​პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის არის პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ასევე, მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

საქმეზე პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო და გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი.

კომენტარები