რუსეთ-საქართველო

საგარეო: შეხვედრაზე ჩვენი მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი დაისვა

დავით ზალკალიანი / სერგეი ლავროვი

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

უწყების ცნობით, საგარეო მინისტრების შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. 

"შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს," - წერია განცხადებაში. 

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

რუსული სააგენტო კომერსანტი წერს, რომ "მოლაპარაკებები გაუმჯობესებული ურთიერთობების ფონზე წარიმართა, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ივნისში განსაკუთრებით დაიძაბა".

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ არ მომხდარა.

კომენტარები