რუსული ოკუპაცია

სუს-ის წარმომადგენელი: ერგნეთში ვერ მივიღეთ პასუხი, როდის გაიხსნება ოკუპირებული ახალგორი

ტაბულა

უკვე ერთი თვეა, ოკუპირებული ახალგორი ჩაკეტილია და იქ მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევათ. 

უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ერგნეთში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან გამართული მორიგი ტექნიკური შეხვედრაზე პასუხი კითხვაზე, როდის გაიხსნება ახალგორი, ქართულმა მხარემ ვერ მიიღო. 

"დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს. ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და იგი ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. სამწუხაროდ, გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პასუხი კვლავაც არ იქნა მიღებული და ამაზე ისევ გაგრძელდება მსჯელობა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ამ პროცესში მთავარია ერთი რამ, რომ არ შეიძლება ნებისმიერი უთანხმოება და პოზიციათა სხვადასხვაობა დაუკავშირო ჰუმანიტარულ საკითხებს, რომელიც პირდაპირ ეხება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ბედს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლებას“, - თქვა ანთაძემ.

ინციდენტებზე რეაგირების და მათი პრევენციის მექანიზმის მოლაპარაკებებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა 13 სექტემბერს თქვა, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლოდროინდელი გამწვავებული ვითარებიდან გამოსავალი სოფელ წნელისიდან ქართული საგუშაგოს აღებაა.

11 სექტემბერს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან, სოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად საგუშაგოებს აგებდნენ, რითაც ალყაში ექცეოდა ქართული საგუშაგო.

30 აგვისტოს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას.

კომენტარები