შმაქსი

"შმაქსი" - გირჩის ახალი ინიციატივა ტაქსების რეგულაციების წინააღმდეგ

0 კომენტარი

პოლიტიკური პარტია გირჩი მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ ტაქსაობენ "შმაქსაობას" სთავაზობს. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს "შმაქსის" პრეზენტაცია გამართა და ამბობს, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, "ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი" და მოსახლეობაში "საღ აზრსა და სწორა მორალს გაავრცელებს", ამავდროულად პირს სასურველ ადგილზე მიიყვანს. 

"კომპანია დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც მოქალაქეებს ჩაისვამენ და სწორ თავისუფლების იდეებს მიაწვდიან, დაელაპარაკებიან რა არის სწორი და რა არასწორი. თუ მათ არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, რომ შეძლებენ ამ იდეების გავრცელება, ჩვენ მივაწვდით ვიდეო მასალას, რომლებსაც მგზავრებს მოასმენინებენ," - ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ანაზღაურება მოხდება არა იმის მიხედვით, თუ რა მანძილს გაივლის მოქალაქე მანქანით, არამედ იმის მიხედვით, რამხელა საგანმანათლებლო მასალას მოისმენს მგზავრი და რამდენ ხანს.

"შმაქსის" მანქანები ქალაქში უკვე გამოჩნდა და მათ ჯერჯერობით გირჩის წევრები მართავენ. როგორც ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში ჩაწერა, პატრულმა "შმაქსის" მანქანა გააჩერა, თუმცა დარღვევა ვერ უპოვა და გაუშვა. 

კომპანია “შმაქსი” იურიდიულად უკვე რეგისტიტრებულია საჯარო რეესტრში. მისი დამფუძლებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა. კომპანიის წესდების მიხედვით, მისი ფუნქცია საღი აზრისა და საგანმათლებლო იდეების გავრცელება არის. 

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები