სექსიზმი

პასუხი ხაზარაძეს - ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა

ტვ პირველი

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა.

ის ასე მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას ეხმაურება.

"მინდა მარტივად გიჩვენოთ, ბატონებო, როგორც ვმუშაობთ და როგორც ვცხოვრობთ, ჩვენ, ქალები", - თქვა ჟურნალისტმა და სტუდიაში ცომის მოზელა დაიწყო.

მან ისაუბრა იმ საქმეებზე, რასაც ქალები აკეთებენ სამსახურში წასვლამდე.

"მინდა გაჩვენოთ, როგორი მარტივია, როდესაც ქალი ჯერ ცომს მოზელს, შემდეგ ხაჭაპურს გამოაცხობს ან რაიმე სხვას, ამის შემდეგ მოვა სამსახურში და იმ პოლიტიკოსების საქმიანობის გაშუქებას დაიწყებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი დღის განმავლობაში. აი ასე, ძალიან მარტივია.

ჩემი დილა იწყება ხოლმე ასე - ვიღვიძებ, ვიწყებ სახლის საქმეების კეთებას, თუ საჭიროა, ცომის ამოზელვაზეც არ ვამბობ უარს. როცა სამზარეულოს საქმეებს მოვრჩები, ვალაგებ სახლს, ვემზადები და მხოლოდ ამის შემდეგ მოვდივარ სამსახურში, ბატონებო, რომლებსაც გგონიათ, რომ ქალი მხოლოდ "კუხნაში" უნდა იყოს. 

როცა ცომს ვზელ, ამ დროს ვფიქრობ ხოლმე ჩემი გადაცემის თემებზე და იმაზე, თუ რა კითხვა უნდა დავუსვა გადაცემის რესპონდენტებს. 

სამსახურში მოვდივარ, სტუდიაში შევდივარ. მშვიდად ვარ იმით, რომ სახლში ყველფაერი წესრიგში მაქვს და ვამბობ - საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, წარმოგიდგენთ მე, ინგა გრიგოლია.

აი, ასეთები ვართ ქალები საქართველოდან", - თქვა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.

ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 3 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა.

"მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ", - თქვა მან.

მისი ამ განცხადების კრიტიკას ხაზარაძე მოგვიანებით ფეისბუქზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამოთქმა მინისტრის სქესს არ გულისხმობდა და ზუსტად იგივე კონტექსტში ახსენა ხაჭაპურის ცხობა პროკურატურაზე საუბრისას. ლელოს დამფუძნებელი ასევე დასძენს:

"საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე".

კომენტარები