გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგმა პუტინის მიერ მასზე ნათქვამი სიტყვები ტვიტერზე თავის აღწერაში ჩაიწერა

Yahoo News

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლმა 16 წლის შვედმა აქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა ვლადიმერ პუტინის მიერ მასზე ნათქვამი სიტყვები ტვიტერზე საკუთარი თავის აღწერაში ჩაიწერა.  

"კეთილი, მაგრამ ცუდად ინფორმირებული მოზარდი,"-ვკითხულობთ ტუნბერგის აღწერაში.  

ვლადიმერ პუტინმა ტუნბერგი "კეთილ, მაგრამ ცუდად ინფორმირებულ თინეიჯერად" დაახასიათა.

"შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ არ ვიზიარებ აღფრთოვანებას გრეტა ტუნბერგის გამოსვლის მიმართ. კარგია, რომ ახალგაზრდები აქცევენ ყურადღებას სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის ეკოლოგიას და, რა თქმა უნდა, მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. თუმცა, როცა ბავშვებს ვიღაც პირადი მიზნებისთვის იყენებს, ეს კრიტიკას იმსახურებს. კეთილი, მაგრამ ცუდად ინფორმირებული თინეიჯერია,"-თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.  

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტუნბერგმა ტვიტერის აღწერაში პოლიტიკოსის სიტყვები ჩაიწერა. გასულ კვირას მან აღწერაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ხუმრობა ჩაწერა. ტრამპის თქმით, ის "ძალიან ბედნიერი გოგოა, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში."

გრეტა ტუნბერგი გაეროს სამიტზე ემოციური სიტყვით გამოვიდა.

"მასობრივი გადაშენების პირას ვართ, თქვენ კიდევ ფულსა და მარადიული ეკონომიკური განვითარების ზღაპრების გარდა არაფერზე შეგიძლიათ ლაპარაკი. როგორ ბედავთ!" - ასე მიმართა სკოლის მოსწავლემ 60-მდე ქვეყნის ლიდერს.

2018 წლიდან მოყოლებული, ტუნბერგი სათავეში ჩაუდგა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს "პარასკევი მომავლისთვის", რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პარასკევობით სკოლას აცდენენ და პოლიტიკოსებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები