შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოში

შტაინმაიერი: ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი

რადიო თავისუფლება

თქვენ იცით, რომ გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისა - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა. (თარგმანი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის)

მისი თქმით, ამ ორი ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიას საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვთ. 

"ჩვენ ვაცნობიერებთ, თქვენც ხაზი გაუსვით ამას, რომ საქართველოს არ ჰყავს, მარტივად რომ ვთქვათ, ხელსაყრელი სამეზობლო, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა. მე ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისკენ, მივუახლოვდები ცხინვალის რეგიონს, ე.წ სადემარკაციო ხაზს. თქვენ ახსენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი"- თქვა გერმანიის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, ნატო და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი საქართველოში და მათ შორის, მხარს უჭერენ ამ პროგრამის მიზნების განხორციელებას.

შტაინმაიერის თქმით, პრეზიდენტებმა ევროკავშირზე დიდხანს ისაუბრეს, თუ რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს. 

"ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფორმატი. სიტუაცია, რომელიც ეხება ევროკავშირის შიდა საკითხებს, შიდა პრობლემებს, მაგალითად, ბიუჯეტის შემუშავებას. ერთი რამ შეიძლება ითქვას გადაჭრით, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გარკვეულ სირთულეებს ქმნის ევროკავშირის სინამდვილეში. ევროკავშირი აგრძელებს მოლაპარაკებების პროცესს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, რაც უახლოესი თვეების განმავლობაში იქნება კიდევ ჩვენი წუხილი და დარდი, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რა მოლოდინი არსებობს. გერმანია კვლავინდებურად აგრძელებს ევროკავშირის ბიუჯეტში გარკვეული თანხების მობილიზებას, რათა შენარჩუნდეს სტაბილურობა"- აღნიშნა მან. 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ორი ქვეყნის ინტენსიურ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

"ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული თანამშრომლობა, რომელიც თქვენ ახსენეთ. მე ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი გერმანიის პრეზიდენტის რანგში საქართველოში. დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო. გერმანია არამხოლოდ თვალს ადევნებდა ამას, არამედ იყო აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოსი ამ გზაზე. ის, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, ეს არის მართლაც სამაგალითო, ძალიან ინტენსიური გაცვლა გვაქვს გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა თბილისსა თუ ბერლინში, საქართველოსა თუ გერმანიის სხვა ქალაქებში"- თქვა გერმანიის პრეზიდენტმა. 

კომენტარები