საქართველო-ირანი

ქსენოფობიის ფასი — ირანიდან ტურიზმის შემცირების გამო ეკონომიკამ 280 მილიონი ლარი დაკარგა

გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტემბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გაიზარდა, როგორც საერთაშორისო ვიზიტების, ასევე, უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც. 

ძირითადი ტურისტული ბაზრებიდან კლება მხოლოდ რუსეთიდან და ირანიდან შეინიშნება. რუსეთის შემთხვევაში კლების მიზეზი რუსული ავიასანქციებია. ტურისტების კლება ივლისში დაიწყო. ივლისიდან სექტმებრის ჩათვლით საქართველოში ჩამოსული რუსეთის რეზიდენტების რაოდენობა 67 ათასით შემცირდა.

ამ კლების მიუხედავად, რუსი ტურისტების რაოდენობა, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში თითქმის 100 ათასით არის გაზრდილი. 

რაც შეეხება ირანს, ტურიზმის კლება, აქ გაცილებით დრამატულია. სულ 2019 წლის ცხრა თვეში საქართველოს 109 ათასი ირანელი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 242 ათასი ირანელი ჩამოვიდა. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 396 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია. საუბარია დაახლოებით, 60 მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველომ რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების გამო დაკარგა. 

უნდა ითქვას, რომ ირანელი ტურისტები საქართველოში, შედარებით მაღალი ხარჯვიანობით გამოირჩევიან. 2018 წლის მონაცემებით, ირანის ერთი მოქალაქე ვიზიტზე საშუალოდ, 2,116 ლარს ხარჯავს. პირდაპირი და უხეში გადაანგარიშებით ირანიდან ტურიზმის შემცირების გამო, საქართველოს ეკონომიკამ დაახლოებით 280 მილიონი ლარი იზარალა, რაც მიმდინარე კურსით, 94 მილიონი დოლარია. 

ამ დანაკარგის რეალური ღირებულება დიდი ალბათობით, უფრო მეტია, ვინაიდან ეს ფული ქვეყანაში უცხოური ვალუტის და დიდი ალბათობით დოლარის სახით შემოვიდოდა. თავის მხრივ საინტერესოა რა არის ირანიდან ტურიზმის შემცირების მიზეზი. 

ირანის ისლამური სახელმწიფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტურისტული ნაკადის კლების მიზეზებზე საუბრისას საქართველოს საზღვრებზე შემქნილ ვითარებას ასახელებს. ელჩის თქმით, ძალიან ხშირია ირანის მოქალაქეების საზღვრიდან გაბრუნების შემთხვევები. 

მართლაც, სულ მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვრებიდან 13,165 ადამიანი გააბრუნეს, აქედან 5,656 (42%) კი სწორედ, ირანის მოქალაქეა.

ბოლო წლების განმავლობაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალ გადაადგილებას პრობლემები ექმნება. 2014 წლის პირველს სექტემბერს, მაშინდელმა ხელისუფლებამ 24 სახელმწიფოსთან, რომელთანაც მანამდე უვიზო ან გამარტივებული რეჟიმი მოქმედებდა, სავიზო რეჟიმი დააწესა. მათ შორის იყო ჩინეთი და ირანი.

მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებით ხსნიდნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შეზღუდვები გამარტივდა და საბოლოოდ მოიხსნა კიდეც. 

ამ პერიოდში საქართველოს ტურისტულმა სექტორმა მნიშვნელოვანი დანაკარგები ნახა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებამ საქართველოს ეკონომიკას 100 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. 

ანალიტიკურმა ცენტრმა, TBC CAPITAL-მა, აგვისტოში თბილისის სამშენებლო სექტორის, 2019 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, ირანიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინტერესის კლების გამო, მხოლოდ თბილისში სამშენებლო სექტორი 80 მილიონ დოლარს იზარალებს.

კვლევიდან ირკვევა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს არარეზიდენტი პირების მიერ შეძენილი ქონების წილი, ჯამურად გაყიდულ უძრავ ქონებაში 13%-დან 8%-მდე შემცირდა. ამ კლების მთავარ მიზეზად კი სწორედ, ირანიდან მოთხოვნის შემცირება სახელდება.

კომენტარები