ირანი

ირანში ქალებისთვის ფეხბურთის მატჩებზე დასწრების უფლების მიცემა გააპროტესტეს

0 კომენტარი
ფოტო: https://en.radiofarda.com

ირანის დედაქალაქ თეირანში, პარლამენტის წინ 50-მდე ადამიანი შეიკრიბა და ქალებისთვის საფეხბურთო სტადიონზე დასწრების უფლების მიცემა გააპროტესტა

საქმე ეხება 10 ოქტომბრის მატჩს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაზე, ირანის ნაკრები კამბოჯას დაუპირისპირდება. თამაშს, პირველად ისლამური რესპუბლიკის დაარსების ისტორიაში ქალებიც დაესწრებიან. 

გადაწყვეტილება ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) სექტემბრის ბოლოს მიიღო. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ ეს საკითხი ირანის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა მას შემდეგ, რაც ქალმა, რომელიც ფეხბურთის სტადიონზე საყვარელი გუნდის თამაშის სანახავად კაცის ფორმაში გადაცმული შეიპარა და ამის გამო პატიმრობა ემუქრებოდა, თავი დაიწვა. 

ინფანტინოს თქმით, ირანის წარმომადგენლებმა ის დაარწმუნეს, რომ ქალებს სტადიონებზე შესვლის უფლება მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში საჰარ ხოდაიარიმ თავი თეირანში, სასამართლოს შენობის წინ მას შემდეგ დაიწვა, რაც სასამართლო, რომელიც ფეხბურთის სტადიონზე შეპარვის გამო მის საქმეს განიხილავდა, გადაიდო. ის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

ქალს მხარდამჭერებმა "ლურჯი გოგონა" შეარქვეს, საფეხბურთო კლუბ ესტეგლალ თეირანის გამო, რომლის ფანიც იყო და თამაშზე დასწრება სურდა.

საჰარი მარტში დააკავეს და სამდღიანი პატიმრობის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. ის სასამართლო პროცესს 6 თვე ელოდა.

თვითმხილველების თქმით მას შემდეგ, რაც პროცესი გადაიდო მან გაიგო, რომ გამამტუვნებელი განაჩენის შემთხვევაში 6 თვიდან ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა და თავის დაწვა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა.

ირანში ქალებს სტადიონებზე კაცების თამაშებზე დასწრება 1981 წლიდან ეკრძალებათ. აკრძალვა დროებით გასულ წელს მოხსნეს და ქალებს საშუალება ჰქონდათ სტადიონზე, ეკრანზე ეყურებინათ მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა კანონის სახით არაა დაწერილი, მას მკაცრად იცავენ.

Fifa-მ ირანს ვადა 31 აგვისტომდე მისცა, რათა სტადიონზე ქალები დაეშვა, თუმცა ქვეყანა მოთხოვნას არ ასრულებს. Fifa-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მწუხარება გამოთქვეს ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ირანს კიდევ ერთხელ მოუწოდეს უზრუნველყოს იმ ქალების თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც აკრძალვის მოხსნისათვის იბრძვიან.

მიმდინარე თვის დასაწყისში ირანში დაიწყო ონლაინ კამპანია, რომელიც სპორტულ ორგანიზაციებს მოუწოდებს ირანს შეჯიბრებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობაზე აკრძალვები დაუწესოს, რათა მთავრობამ სპორტში ჩარება შეწყვიტოს.

მსოფლიოს გარშემო ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრებმა საჰარის ხსოვნისათვის მატჩებზე ლურჯი სამკლაურის ტარება დაიწყეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები