მოსამართლეობის კანდიდატები

ევროპულმა საქართველომ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა

ევროპულმა საქართველომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა. კრიტერიუმები და ქულათა სისტემა დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინეს. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, შეფასების სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოების თითოეული კანდიდატის შესახებ ინფორმირებას.

ევროპული საქართველო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს აფასებს სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები.

შეფასების ქულათა სისტემა კი გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10 ქულიანი სისტემით შეფასებას შემდეგნაირად: ა) 1-3 ქულა - ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს; ბ) 4-6 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს; გ) 7-10 ქულა - აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა კანდიდატების შეფასებები წინასწარ წარმოადგინოს და საზოგადოებამ იცოდეს, თუ რის მიხედვით აფასებენ ამა თუ იმ კანდიდატს და აძლევენ ან არ აძლევენ ხმას. "მესმის, რომ დეპუტატების დისკრეციაა ვის მისცემენ ხმას, მაგრამ პოლიტიკური ტრადიცია მოითხოვს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას".

ბოკერია ამბობს, რომ უკვე შეფასებული კანდიდატებიდან უმრავლესობა მოსამართლეობისათვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. 

"როცა კანდიდატი მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკური პოზიცია, რომ თავისუფალი კენჭისყრაც არ უნდა იყოს, რადგან ასეთ კანდიდატს არ შეიძლება საერთოდ მხარი დაუჭირონ. კანდიდატზე, რომელსაც კვალიფიკაცია აქვს და მოსამართლეობის ზოგად სტანდარტს აკმაყოფილებს, მათზე შეიძლება გვქონდეს თავისუფალი კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ უზენაესი სასამართლოს წევრები იყვნენ. ეს არის ჩვენი განაცხადი და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და პირველ რიგში მმართველ გუნდა, მოგვცენ თავისი შეფასებები,"- ამბობს ბოკერია.

ოთო კახიძის თქმით, პარტია ყოველი კვირის ბოლოს საზოგადოებას მათ მიერ გაკეთებულ შეფასებებს წარუდგენს, იმ კანდიდატებისა, რომლებმაც პარალმენტში უკვე უპასუხეს დეპუტატების კითხვებს. 

"ჩვენ თავის დროზე ამ წინადადებას ვაყენებდით, რომ ზოგადად ქულებით შეფასებულიყვნენ კანდიდატები და მომხდარიყო ამის დასაბუთება, სამწუხაროდ, ეს ჩვენმა ოპონენტებმა არ გაიზიარეს. ამას სთხოვდა ხელისუფლებას ვენეციის კომისია, ასევე ეუთო ოდირის მონიტორინგის ჯგუფიც. ლოგიკურიცაა, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, ის დავასაბუთოთ, მეტი გამჭვირვალობისთვის და მაღალი სტანდარტისთვის," - ამბობს კახიძე. 

ევროპული საქართველოს შეფასების სისტემით, მოსამართლეობის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში 7-10 ქულას დააგროვებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის ქულათა სისტემით შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. 

კომენტარები