თამთა თოდაძე

თამთა თოდაძის მხარდასაჭერად ზუგდიდში აქცია გაიმართა

"პოლიცია, დასაჯე მოძალადე"; "არა ნიშნავს არას!"; "ნუ გაჩუმდები!" - ამ პლაკატებით 8 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თამთა თოდაძის მხარდასაჭერად და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში აქცია გამართეს. 

"პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომ უკვე საფუძვლიანად დაიწყოს ამ საქმეზე მუშაობა, დაისაჯოს დამნაშავე პირები და მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ, თუ რა სტადიაზე საქმე," - თქვა სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

აქციას პარტია ევროპული საქართველოს წევრი ბართლომე შელიაც შეუერთდა.

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ, მას მოწმის სტატუსი აქვს და დაზარალებულად არ არის ცნობილი, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი არ აქვს წარდგენილი. პროკურატურაში ამბობენ, რომ "კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას" მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში". თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში: "არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსის გარეშე.

კომენტარები