სექსუალური ძალადობა

"არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსის გარეშე

ქალს, რომელიც ჰყვება, რომ ქართული ოცნების წევრმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და ხელებისა და ფეხების გამოყენებით სცემა, ამ დრომდე მოწმის სტატუსი აქვს. ბრალი არ აქვს წარდგენილი არც ილია ჯიშკარიანს.

იმის გამო, რომ პროკურატურა მას ამ დრომდე არ მიიჩნევს დაზარალებულად, საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს თამთა თოდაძის ადვოკატს. მან მხოლოდ პროკურორზე დაყრდნობით იცის რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება. თამარ ლუკავასთვის ასევე უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს გამომძიებლებმა.

თამთა თოდაძე ამბობს, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა მართლმსაჯულება და კანონის მიხედვით მოძალადის დასჯა.

"რადგანაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მოხდა ჩემი დაზარალებულად ცნობა და რადგანაც ამ დრომდე არ მოხდა რიგი ღონისძიებების გატარება, რაც აუცილებელია გამოძიების სწორი მიმართულებით წარმართვისთვის, ჩემი მთავარი მოთხოვნაა საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უფრო მეტად დამანახოს, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა ეს საქმე იყოს გამოძიებული", - ამბობს ის.

მის უფლებებს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარი" იცავს. მას შემდეგ, რაც ილია ჯიშკარიანის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა, თამთა თოდაძემ არაერთ შეკითხვას უპასუხა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველანაირი შეკითხვისთვის მზადაა და აუცილებლად გასცემს პასუხს, რადგან მართალია.

"არ შევწყვეტ ამ ბრძოლას, ბოლომდე ბრძოლისთვის ვარ მზად, რადგან ჩემს სიმართლეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან ბევრი ქალი განიცდის მსგავს წნეხს და მსგავსი სიტუაცია ბევრ სამსახურშია. მე ვარ ძალიან ღია ნებისმიერ შეკითხვაზე, იქედან გამომდინარე, რომ ვარ აბსოლუტურად მართალი და დარწმუნებული ჩემს სიმართლეში. თქვენს ნებისმიერ შეკითხვას გავცემ პასუხს", - უთხრა ქალმა ჟურნალისტებს.


ფოტო: ტაბულა
თამთა თოდაძე ღიად საუბრობს იმაზე, რომ ორშაბათს, სამუშაო დროს, დაახლოებით 12:00 საათზე დეპუტატმა ჯიშკარიანმა მაჟორიტარის ბიუროში, სადაც მოქალაქეებს იღებდა, ალკოჰოლური სასმელი მიიტანა და დალევა მასაც შესთავაზა. თამთა ამბობს, რომ დალია, თუმცა ცოტა. მოგვიანებით, ოფისში დეპუტატის ორი ახლობელი მოვიდა, რომლებმაც ასევე დაიწყეს დალევა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, ისინი წავიდნენ და ქალი და დეპუტატი ოთახში მარტო დარჩნენ.

"მეუბნებოდა, მოდი ჩაგეხუტოო და მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო მეგობრული ჩახუტება. ვცდილობდი დამეღწია თავი - ვეუბნებოდი, ბატონო ილია, რას შვებით, გამიშვით ხელი, რაზეც მისი პასუხი იყო - რატომ, არ გსიამოვნებს? ამ დროს დავინახე მობილური ტელეფონი და მოვატყუე, რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ეს რომ გაიგო, ცდილობდა ტელეფონი წაერთვა. როგორც ჩანს, დაიჯერა რომ მართლა ვიღებდი. ამის შემდეგ მე გამეშვა და უშუალოდ ტელეფონზე გადაერთო, ამ ძიძგილაობაში დამაგდო ძირს და მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც, შემდეგ რამდენჯერმე დააგდო ტელეფონი. მეუბნებოდა, აბა სად არის შენი მტკიცებულებები? სად არის შენი ტელეფონი?", - ჰყვება თამთა თოდაძე.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ჯიშკარიანი ტელეფონზე გადაერთო, მან მოახერხა ოფისის შესასვლელ კარამდე მისვლა და გამოსვლა. ამბობს, რომ სახლი ოფისთან ახლოს მდებარეობს და ფეხით მივიდა, შემდეგ კი დედის ტელეფონით პოლიცია გამოიძახა.

"ვეხვეწებოდი პოლიციას, ჩადით და დააპატიმრეთ მეთქი, მაგრამ არავინ არ გაინძრა და მითხრეს, რომ მანქანა გავაგზავნეთო. მგონია, რომ მომატყუეს, რადგანაც ღამის სამ საათზე როცა ოფისში მივედით, ყველაფერი დალაგებული დაგვხვდა. თვითონ ამბავი მოხდა დაახლოებით დღის ოთხ საათზე. პატრული გამოვიძახე 16 საათსა და 44 წუთზე, თუ არ ვცდები", - ამბობს ის.

რატომ იყო ორშაბათს, 12:00 საათზე, სამუშაო დროს სამსახურში მარტო? - თამთა თოდაძე ამბობს, რომ ეს კითხვა მას არ მიემართება და პასუხი ხელმძღვანელმა პირებმა უნდა გასცენ. თუმცა აღნიშნავს, რომ მაჟორიტარის ბიუროში დასაქმებულთა სრული უმრავლესობა ილია ჯიშკარიანის ნათესავი ან ახლობელია - იქნება ეს მისი ბიძაშვილის შვილი თუ ცოლის საუკეთესო დაქალი. ქალი ამბობს, რომ ამ ყველაფრის დადასტურებაც შეუძლია.

რაც შეეხება მას, თამთა თოდაძის თქმით, ილია ჯიშკარიანის ბიუროში მუშაობა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მერე, დეპუტატის შეთავაზების შედეგად დაიწყო, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში აქტივის კოორდინატორი იყო და დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ ჯიშკარიანი დღეს საკრებულოს წევრია.

თამთა თოდაძე საუბრობს ე.წ. შუამავალზეც, რომელმაც, ქალის დედის განცხადებით, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ მათ სიჩუმის სანაცვლოდ მორიგება შესთავაზა.

"ამას გაგრძელება არ ჰქონია, რადგან დედამ კატეგორიულად უთხრა, რომ ეს არის დანაშაული, რომელზეც მოლაპარაკება შეუძლებელია", - აღნიშნავს თამთა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა იმ ბრალდებებზეც, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებისგან ისმის. ქალი ამბობს, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან პოლიციას იმიტომ მიმართა, რომ სამსახურში ხელშეკრულების გაგრძელება სურდა.

თამთა თოდაძე ჰყვება, რომ მაშინ, როცა დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თავს დაესხა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, ხელშეკრულების მონაცემები უკვე გაგზავნილი იყო და დოკუმენტი ახლა უკვე მზად არის, თუმცა ხელის მოწერას არ აპირებს. 

გარდა ამისა, ქალი პასუხობს ბრალდებებს დაწინაურებასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში არ არის იერარქიული სისტემა, სადაც თავდაპირველად დაბალი პოზიციიდან დაიწყებ და შემდეგ დაგაწინაურებენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თამთა თოდაძემ ისაუბრა, ძველი ინციდენტია, როცა კაცის მხრიდან მის მიმართ ძალადობაში პოლიცია ჩაერია. ქალი ამბობს, რომ ეს იყოს სრულიად სხვა შემთხვევა, სხვა ადამიანის მხრიდან და არანაირ შემხებლობაში არაა ილია ჯიშკარიანთან ან მისი მხრიდან თავდასხმასთან.

ვინ არის ილია ჯიშკარიანი

ილია ჯიშკარიანი 2014 წლიდან დღემდე, უკვე მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია. ის თვითმმართველ ორგანოში ისნის მაჟორიტარია. თანამდებობის პირების დეკლარაციაში მის მიერ შევსებული დოკუმენტი არ იძებნება.

ცნობილია, რომ ჯიშკარიანის ერთი შვილი, ბექა ჯიშკარიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანია. ტაბულამ ამ ინფორმაციის გადამოწმება უწყებაში სცადა, სადაც ადასტურებენ, რომ ის სუს-ში ნამდვილად მუშაობს, თუმცა არ ამბობენ, რა თანამდებობაზე.

"რამდენიმე წელია ვიცნობ, ვიცი, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს" - ასე შეაფასა ჯიშკარიანი თბილისის მერმა. კახა კალაძემ თქვა, რომ "წარმოუდგენელია ადამიანს ეგეთი რაღაც ჩაედინა" და "ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს იგივე ბრალდება წამოუყენოს". ამ თემაზე მეორედ გაკეთებულ განცხადებაშიც, თბილისის მერმა "არასწორი ინფორმაცია" ახსენა და თქვა, რომ ილია ჯიშკარიანმა გამოძიების მიმდინარეობისას საკრებულოს დეპუტატის მანდატი არ უნდა დატოვოს.


ფოტო: Facebook/ ილია ჯიშკარიანი ისნის რაიონის მაჟორიტარი Ilia Jishkariani
თამთა თოდაძე თავდაპირველად ჯიშკარიანის საარჩევნო შტაბში მუშაობდა, შემდეგ კი ისანში, მაჟორიტარის ბიუროში, სადაც მოქალაქეებთან შეხვედრები უნდა გაიმართოს და დეპუტატმა მათი პრობლემები მოისმინოს.

როგორც ის ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა. პოლიციის შემდეგ, მან დახმარებისთვის "საფარს" მიმართა. 5 ოქტომბერს კი მომხდარის შესახებ "მთავარ არხზე" პირველი სიუჟეტი მომზადდა. შემთხვევიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, თუმცა ქალი კვლავ არ არის დაზარალებულად ცნობილი.

ამ საკითხზე დღეს ადვოკატმა პროკურატურას განცხადებით მიმართა და მოითხოვა, ქალი დაზარალებულად ცნონ. გარდა ამისა, თამარ ლუკავა შეხვდა საქმის პროკურორს და იგივე მოთხოვნა ამ შეხვედრაზეც დააყენა. მას შეკითხვები აქვს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებითაც.

უკვე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ტაბულამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა. უწყებაში ამბობენ, რომ ამოღებულია გარე კამერების ჩანაწერები, სადაც, თამთა თოდაძის თქმით, უნდა ჩანდეს როგორ მიდის სახლისკენ თავდასხმის შემდეგ. გარდა ამისა, შსს-ში აღნიშნავენ, რომ უკვე გამოკითხეს ორივე მხარე და სხვა პირები, ვისაც შეიძლება რამე ინფორმაცია ჰქონდა. 

"დღეს გამოიკითხა შუამავალს რომ ახსენებს დედა, ის პირიც. ასევე, დაგეგმილია სასწრაფოს ექიმების გამოკითხვები და ა.შ.", - ამბობენ უწყებაში.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შესაბამისი ექსპერტიზები ჩაინიშნა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

"მტკიცებულებების განადგურება სიმართლეს არ შეესაბამება, გამოკითხვის პარალელურად ჯგუფი იყო გაგზავნილი ადგილზე და ვერანაირი მტკიცებულებების განადგურება ვერ მოხდებოდა, ეს გაითვალისწინა პოლიციამ", - აღნიშნავენ უწყებაში.

ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126-ე (ძალადობა), 138-ე (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება).

თამთა თოდაძის ადვოკატმა პროკურატურას მუხლის შეცვლის მოთხოვნითაც მიმართა. თამარ ლუკავა მიიჩნევს, რომ სახეზეა 138-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

გამოძიების მიმდინარეობს საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება.

რაც შეეხება პროკურატურას, უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ "კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას" მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში".

"შსს-ში მიმდინარე გამოძიების მიერ დანიშნულია 3 ექსპერტიზა, რომელთაგან ჯერ არც ერთზე დასკვნა არ არის მიღებული. მას შემდეგ რაც ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება", - ამბობენ პროკურატურაში.

----

თავად ილია ჯიშკარიანი მედიის ზარებს არ პასუხობს. ბოლოს მან 5 ოქტომბერს ტვ პირველის ჟურნალისტს უპასუხა, რომელსაც უთხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს. მას ბრალდებებთან დაკავშირებით არც ოფიციალური განცხადება გაუვრცელებია. 

ჯიშკარიანი ამ დრომდე თბილისის საკრებულოს წევრია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, პირის მიმართ გამოძიების დაწყება ან ბრალის წაყენება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენელს ეხება, ვერც სპეციალური საბჭო იმსჯელებს გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

შესაბამისად, ამ ეტაპზე ილია ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მხოლოდ ორი საფუძველი არსებობს: ან თავად დატოვოს მანდატი ან სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. რაც შეეხება შეჩერებას, ამისთვის მას არა მხოლოდ ბრალი უნდა წარუდგინონ, არამედ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობაც უნდა შეუფარდოს.

----

დღეს, 19:00 საათზე მთავარ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოქალაქეები მთავარი პროკურორისაგან სამართლიანი გამოძიების წარმართვას და დეპუტატ ილია ჯიშკარიანისათვის დაუყოვნებლივ ბრალის წაყენებას მოითხოვენ.

კომენტარები