ე.წ. ისლამური სახელმწიფო

აშშ-მა "ბითლზებად" წოდებული ISIS-ის ტერორისტებიდან 2 სირიიდან უსაფრთხო ლოკაციაზე გადაიყვანა

0 კომენტარი

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბრიტანელი ტერორისტებიდან ორი ამჟამად აშშ-ის ძალების ზედამხედველობის ქვეშ არიან. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა. სირიაში ბრიტანეთიდან ჩასულ ტერორისტებს ისლამური სახელმწიფოს ბითლზები შეარქვეს. ელ შაფე ელშეიხს და ალექსანდა კოტეის ბრალად ტყვეები გატაცება და მათ მოკვლა ედებათ.

"იმ შემთხვევისათვის, თუ ქურთები და თურქები კონტროლს დაკარგავენ, აშშ-მა უკვე გაიყვანა ქვეყნიდან და გადაიყვანა უსაფრთხო ლოკაციაზე, რომელსაც აშშ აკონტროლებს, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორი მებრძოლი, რომლებსაც ბითლზების სახელით იცნობენ და დაკავშირებული არიან სირიაში თავის მოკვეთებთან. ისინი უარესზე უარესები არიან!" წერს ტრამპი.

The New York Times წერს, რომ აშშ მათ ვირჯინიაში გადაყვანას და იქ გასამართლებას გეგმავს.

"ბითლზები" ტერორისტებს ბრიტანული აქცენტის გამო შეარქვეს. მათ შორის იყო მუჰამედ ემვაზი, ცნობილი როგორც ჯიჰადი ჯონი. მიიჩნევა, რომ მან 2014 წელს ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი მოკლა. ის 2015 წელს აშშ-ის ავიაიერიშების დროს მოკვდა და აინე დეივისი, რომელიც თურქეთშია დაკავებული.

ელშეიხი და კოტეი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი. გარდა მძევლების მკვლელობისა, ისინი მათ წამებაშიც მონაწილეობდნენ.

ისინი ქურთმა მებრძოლებმა 2018 წლის იანვარში დააკავეს.

ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებად ბანაკებში ამჟამად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ათასობით მებრძოლია დაკავებული.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები ქურთი მოკავშირეების მიერ კონტროლირებად ბანაკ ალ ჰოლზე საუბრობენ სადაც 70,000-მდე ადამიანია მოთავსებული. იქ სახელდახელოდ შექმნილ საპატიმროებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 10,000-მდე მებრძოლია დაკავებული. ბანაკში არიან მოთავსებული მათი ოჯახის წევრებიც. წყაროები ბანაკში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ. მათი თქმით დახმარების და უსაფროების ნაკლებობის გამო ის შესაძლოა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიის ცენტრად იქცეს, ხოლო თურქეთის მიერ უფრო ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყების პირობებში კი ქურთულმა ძალებმა მისი მართვა ვეღარ შეძლონ, რაც რეგიონში კიდევ უფრო მასშტაბურ კონფლიქტს გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

ამის შემდეგ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის სამიზნეს ქურთისტანის მუშათა პარტიის/ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის და ე.წ. ისლამური სახელმწიფო წარმოადგენენ.

პირველი საჰაერო დარტყმები ქალაქ რას ალ-აინზე განხორციელდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

ამჯერად თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

სამხედრო ოპერაციის არსებული გეგმა შეზღუდულ მოქმედებებს მოიცავს საზღვრის მიმდებარედ 100 კილომეტრში, სადაც ძირითადად არაბებით დასახლებული ქალაქები მდებარეობს, მათ შორის თალ აბიადი და რას ალ-აინი. ამერიკული ძალები ამ ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ.

ტრამპის გადაწყვეტილების, თურქეთის გეგმების, ქურთი მებრძოლებისა და მათ მიერ კონტროლირებად ბანაკებში მყოფი ტერორისტების ბედის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები