შრომითი უსაფრთხოება

ოქტომბრის ბოლოდან მთავრობა მონიტორებთან მუშაობის რეგულაციებს მიიღებს

huffpost.com

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი მაია მიქაია რადიო პალიტრასთან საუბარში ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოს მთავრობა მიიღებს ევროდირექტივას, რომელიც დაარეგულირებს მონიტორებთან მუშაობის წესებს.

დირექტივა განსაზღვრავს იმ ოთახის ფართობს, რომელშიც დასაქმებულს უწევს მუშაობა, ისევე როგორც განათებასთან, სავარძელთან, ფეხისა და მაჯის დასადებთან დაკავშირებულ საკითხებს.

"მონიტორიან მოწყობილობებთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დამსაქმებელმა სწორი ინფორმაცია მიაწოდოს თავის დასაქმებულებს. როგორ უნდა განთავსდეს დასაქმებული მონიტორიან ეკრანთან, რამდენი ხანი უნდა გაატაროს შეუსვენებლად - სამი საათის შემდგომ რომ იქნებ ადგეს, გაიაროს ათი წუთი, თვითონ განახორციელოს შესვენება, რომ თვალი დაასვენოს, განათებით იყოს უზრუნველყოფილი სამუშაო ოთახი. იყოს სავარძელი ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს მორგებას დასაქმებულისთვის. ასევე, ფეხის დასადებზე არის საუბარი, მაჯის დასადებზეც. " - ამბობს მიქაია.

გარდა ამისა, დირექტივა დამსაქმებლებს დაავალდებულებს იმის უზრუნველყოფას, რომ გამოსხივება დასაქმებულების თვალებს საფრთხეს არ უქმნიდეს.

"თუ დასაქმებული აღმოაჩენს, რომ მისი თვალების მდგომარეობა არის შეცვლილი, მას ექნება უფლება, რომ მოსთხოვოს დამსაქმებელს შესაბამისი შემოწმება გაიაროს თვალთან დაკავშირებით." - აცხადებს შრომის ინსპექტორი.

მისი თქმით, რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, დამსაქმებლებს ექნებათ გარდამავალი პერიოდი, რათა გაეცნონ ახალ დადგენილებას.

 

კომენტარები