რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი EU-ს მოუწოდებს სირიაში ოპერაციას შეჭრა არ უწოდოს და მიგრანტების გაგზავნით ემუქრება

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: REUTERS

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ პარტიას მიმართა და სირიაში მიმდინარე ოპერაციაზე ისაუბრა.

მან ევროკავშირი გააფრთხილა არ უწოდოს სირიაში სამხედრო ოპერაციას "შეჭრა" და სირიელი მიგრანტების ევროკავშირში გაშვებით დაიმუქრა.

ერდოღანმა თქვა, რომ ევროკავშირი დაპირებული 3 მილიარდი ევროს გადახდას არ აპირებს მაშინ, როდესაც თურქეთმა უსასყიდლოდ უკვე დახარჯა 40 მილიარდი აშშ დოლარი.

ერდოღანის თქმით ევროკავშირში გულწრფელები არ არიან და თურქეთს მიღების დაპირებით 1963 წლიდან აფერხებენ.

გარდა ამისა მან თქვა, რომ თურქეთი ამ ოპერაციაზე კრიტიკას არ მიიღებს მანამდე, სანამ სირიაში ათობით ათასი ტერორისტი თავისუფლად მოძრაობს და სხვა უცხოური აქტორები თავისუფლად მოქმედებენ.

"თურქეთი იგნორს გაუკეთებს კრიტიკას ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის მისამართით, რომელიც ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ წამოვიწყეთ მაშინ, როდესაც სირიაში 10-მდე უცხო აქტორი თავისუფლად მოქმედებს...თურქეთმა გაანეიტრალა 16,000 ტერორისტი, მათ შორის 7,500 სახლში და 8,500 საზღვარგარეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში." თქვა მან და აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ჩუმად არ უნდა იყვნენ, როდესაც მათ მოკავშირეს ესხმიან თავს.

ერდოღანი ირწმუნება, რომ ოპერაციის დაწყებიდან 109 ტერორისტი მოკლეს.

ერდოღანმა განსაკუთრებით გააკრიტიკა საუდის არაბეთი და ეგვიპტე.

"მოვუწოდებ საუდის არაბეთს სარკეში ჩაიხედონ და ანგარიში მოამზადონ იმაზე, რაც იემენში ჩაიდინეს. და ეგვიპტეს არაფერი აქვს სათქმელი. თქვენ დემოკრატიულად არჩეული მურსი ტანჯვით მოკალით სასამართლო დარბაზში. ასეთი მკვლელები ხართ." თქვა მან

ერდოღანი დასავლეთს სირიელი მიგრანტების გაგზავნით წარსულშიც დამუქრებია. გასულ თვეს მან თქვა, რომ თუ სირიაში დროულად არ შეიქმნება უსაფრთხო ზონები მიგრანტებს თურქეთიდან დასავლეთის ქვეყნებში წასვლის უფლებას მისცემს.

"ჩვენ იძულებული ვიქნებით კარები გავაღოთ. ჩვენ ვერ გვაიძულებენ მარტომ ვზიდოთ ეს ტვირთი. [თურქეთი] არ იღებს საჭირო დახმარებას მსოფლიოსაგან."

შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა გუშინ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის სამიზნეს ქურთისტანის მუშათა პარტიის/ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის და ე.წ. ისლამური სახელმწიფო წარმოადგენენ.

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია მეორე დღეა გრძელდება. გარდა სახმელეთო ძალების შესვლისა, თურქეთი აგრძელებს საჰაერო დარტყმებს. თურქი სამხედროების გარდა ოპერაციაში სირიელი ამბოხებულების ძალებიც მონაწილეობენ.

თურქეთის სამხედრო ძალებში ამბობენ, რომ განსაზღვრული სამიზნეები უკვე აიღეს. ძირითადი სამხედრო მოქმედებები ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე, სასაზღვრო ქალაქებს რას ალ-აინსა და თელ-აბიადს შორის მიმდინარეობს. რას ალ-აინზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა.

ათობის ათას ადამიანს საკუთარი სახლების მიტოვება მოუხდა.

ქურთული წითელი ნახევარმთვარი ინფორმაციით დაიღუპა სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი. მძიმედ არის დაჭრილი 19 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია.

8 ოქტომბერს თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთმა უკვე განახორციელა თავდასხმა სირია-ერაყის საზღვარზე, იმისთვის, რომ ერაყიდან ქურთული ძალების გაძლიერებისათვის ხელი შეეშალა. დარტყმების მიზანს ერაყისა და სირიის დამაკავშირებელი იმ გზის დაბლოკვა წარმოადგენდა, რომელსაც ქურთი მებრძოლები იყენებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

მან ამ გადაწყვეტილების დაცვისას ისიც თქვა, რომ ქურთები თურქეთს ათწლეულებია ებრძვია და დროა ამერიკა დაუსრულებელი ომებიან გამოვიდეს. ჟურნალისტებისას საუბრისას კი აღნიშნა, რომ ქურთები აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში არ დახმარებიან და მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშშ-სთვის იბრძოდნენ, პირველ რიგში საკუთარი მიწისთვის იბრძვიან.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირწმუნება, რომ თურქეთის ოპერაციისათვის აშშ-ს მწვანე შუქი არ აუნთია.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

ამჯერად თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

სამხედრო ოპერაციის არსებული გეგმა შეზღუდულ მოქმედებებს მოიცავს საზღვრის მიმდებარედ 100 კილომეტრში, სადაც ძირითადად არაბებით დასახლებული ქალაქები მდებარეობს, მათ შორის თალ აბიადი და რას ალ-აინი. ამერიკული ძალები ამ ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ.

აშშ-ის ჯარების გამოყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, თურქეთის სამხედრო ოპერაციასა და სირიაში არსებულ სიტუაციაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები