ბრექსითი

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ბრექსითის შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ბრექსითის შეთანხმებას მიაღწიეს. 

ამის შესახებ დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმაც დაადასტურა:

"ჩვენ დიდებული ახალი შეთანხმება გვაქვს, რაც კონტროლს დაგვიბრუნებს".

ჯერჯერობით უცნობია ბრიტანეთის პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს ბრექსითის ახალ შეთანხმებას.

დემოკრატიული უნიონისტების პარტიის (DUP) წევრმა კარლ დინენმა Twitter-ზე დაწერა, რომ "DUP შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს. დილით გაკეთებული განცხადება მათი პოზიციაა".

ბორის ჯონსონის თქმით, 31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს.

ჯონსონის მთავარი მიზანი მეის გეგმიდან ე.წ. ბექსტოპის მექანიზიმს ამოღება და ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საბაჟო საზღვრის პრობლემის გადაჭრა იყო. როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი, ახალი გეგმის მიხედვით ჩრდილოეთ ირლანდიაზე, გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილებისაგან განსხვავებული პირობები გავრცელდება, რასაც DUP ეწინააღმდეგება.

სწორედ ირლანდიის საზღვარის საკითხი იქცა მეის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად. მეის გეგმაში საკითხის გადასაჭრელად გათვალისწინებული იყო ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონი ამ მექანიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ მისი შეცვლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგებოდა.

ერთი კვირის წინ ჯონსონმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირს 2021 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებთან ერთად დატოვებს, თუმცა, თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა მხარს დაუჭერს, ისინი ევროკავშირის რეგულაციებს შეინარჩუნებენ სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებზე.

ამ გეგმის მიხედვით მსგავსი მოწყობა შესაძლოა მუდმივად გაგრძელდეს, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიამ ის ყოველ 4 წელიწადში ხელახლა უნდა დაადასტუროს.

საბაჟო შემოწმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული გახდება და სწორედ ასე მოხდება საბუთების შევსება და შემოწმება. ჯონსონის თქმით ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა როდენობის შემმოწმებელი პუნქტის არსებობა იქნება საჭირო, რომლებიც, თავის მხრივ, უშუალოდ საზღვარზე არ იქნება განთავსებული და მისგან მოშორებით, ბიზნესების ტერიტორიაზე და მიწოდების ქსელის სხვა პუნქტებთან განთავსდება.

ჯონსონი ირწმუნებოდა, რომ ბრიტანელი პარლამენტები ამ გეგმას მოიწონებდნენ, თუმცა ევროკავშირში მას ენთუზიაზმით არ შეხვდნენ.

ჯონსონს წინააღმდეგობა შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას. დაუნინგ სტრიტის ინფორმაციის მერკელს სურდა ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირში დარჩენილიყო.

გასულ კვირას კი ირლანდიის პრემიერმინისტრ ლეო ვარადკართან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა გეგმა, რომლითაც ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის საბაჟო შეთანხმებას დატოვებს, მაგრამ გაერთიანებული სამეფო დათანხმდება ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმავალ საქონელზე ევროკავშირის საბაჟო რეგულაციების გამოყენებაზე.

კომენტარები