მუქარის წერილი

თადუმაძე: მივიღებთ ხაზარაძისგან წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ

"ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ" - ამბობს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ლელოს დამფუძნებლის განცხადებაზე. მამუკა ხაზარაძის თქმით, ე.წ მუქარის წერილის დედანს, რომელიც მისი თქმით, ყოფილმა შს მინისტრმა და ახლანდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, პროკურატურას გადასცემს.

გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს ჰკითხეს, არის თუ არა ე.წ მუქარის წერილი ფარატინა ქაღალდი.

"ჩვენ ვნახავთ, ეს არის თუ არა ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ის იყო ფარატინა ფურცელი" - ამბობს თადუმაძე.

გარდა ამისა, გენერალური პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეფასებით, "კარგი იქნება", თუ მამუკა ხაზარაძე წერილს საგამოძიებო უწყებაში მიიტანს.

"ჩვენ მივიღებთ - თუკი იქნება საკმარისი ინფორმაცია და აუცილებელი ინფორმაცია, რაც საჭიროა გამოძიების დასაწყებად, ჩვენ ვალდებულები ვართ კანონის მიხედვით" - ამბობს გოგაძე.

----------------------

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მან შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძესა და ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

მოგვიანებით, ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ ასეთი განცხადება მეორე ტურის წინ მართლაც გამოაქვეყნა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა და რომ წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე საუბარს წინ უძღოდა პროკურატურის მიერ TBC ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. გამოძიების შედეგად TBC ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ლონდონში ექსპერტიზის პირველი ნაწილი დასრულდა და მისი ორიგინალი ვერსია ახლა საქართველოშია. ხაზარაძის თქმით, წერილზე ექსპერტიზამ 120-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინა. ახლა სწორედ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, წერილზე არსებული 120-ზე მეტი თითის ანაბეჭდიდან, რომელიმე ეკუთვნოდა თუ არა გიორგი გახარიას. 

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ საბოლოო დოკუმენტები ლაბორატორიიდან, ყველა საბუთი არის თბილისში. ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩვენ იურისტებთან გავდივართ კონსულტაციას, არის მექანიზმის მოფიქრება, რომ ის დედანი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ, თავისი 120 ანაბეჭდით, არ გაქრეს. იმიტომ რომ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა გახარიას მიერ ბელარუსული კომპანიის მაისში დაქირავება, რომელსაც ჩვენი ანაბეჭდების ბაზა გადაეცა. მიუხედავად ამისა, იდენტიფიკაცია შესაძლებელია, თუმცა არ მჯერა, რომ ამ პროკურატურის ხელში რამე მოხდება"- ამბობს ხაზარაძე. 

TV პირველის ცნობით, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ბელარუსულ კომპანია TODES-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანიას იმ ბაზის განახლება დაევალა, სადაც საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდებია დაცული. 

კომპანია TODES-ი 1992 წელს მინსკში დაფუძნდა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მათი სერვისის დამკვეთების სიაა მოცემული, სადაც უზბეკეთისა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროებიცაა მითითებული. 

კერძოდ, როგორც კომპანიის ვებსაიტზეა მითითებული, მათი დამკვეთები არიან: 

უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი;
ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი;
ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო; 
ბელარუსის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო;
ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტი. 

ოპოზიციური ლიდერები ტელეკომპანია პირველთან ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება ორი კუთხითაა საგულისხმო - ერთი ხაზარაძის მიმართ მიწერილ წერილს და მასზე გახარიას შესაძლო თითის ანაბეჭდს უკავშირდება, ხოლო მეორე - საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. 

კომენტარები