საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
უწყების პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც დაინგრა მეოთხე სართული და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ამ დროისთვის კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები რჩებიან. ამასთან, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.