სასამართლოს

მიქაუტაძე: სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც უზენაესის უვადო მოსამართლეობა სურს, ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, არ არსებობს. 

მიქაუტაძეს კითხვა გავლენიან ჯგუფებზე უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ დაუსვა, 

"ნაცმოძრაობამ ჩამოაყალიბა საზოგადოების ნაწილში აზრი, რომ სასამართლოს სისტემაში არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, რომლებიც კონტროლს ახორციელებენ მთელ სასამართლო სისტემაზე. ადასტურებთ თუ არა, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი გავლენიანი ჯგუფი და მიაკუთვნებთ თუ არა თავს ამ ჯგუფს?"

მიქაუტაძე ამბობს, რომ სასამართლოში არსებობს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს სიტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე და განვითარებაზე.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლოს მოუწია ბევრი რეფორმის გავლა. ის რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც თქვენ გვთავაზობდით საბოლოო ჯამში პრაქტიკაში ჩვენი განსახორციელებელი არის. ეს არ არის მარტივი პროცესი. ამ პროცესში, ბუნებრივია, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვიწევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვა და შესაძლებელია, რომ ამ პოლემიკაში გაჩნდეს განცდა, რომ სასამართლო სისტემა გარკვეულწილად ჩაკეტილია, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ საქმით ვუდასტურებთ ყველას, რომ ეს ასე ნამდვილად არაა. სასამართლო და იუსტიციის საბჭო არის მაქსიმალურად გახსნილი, ყველა პროსეცში ჩართულები ვართ და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ არის მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს გადაყწვეტილებების მიღებაზე, იმიტომ, რომ ამას შეიძლება კრიტიკა მოჰყვეს," - ამბობს მიქაუტაძე. 

გიორგი მიქაუტაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებო ბრალს მოსამართლეთა "კლანის" წევრობაში სდებდნენ.

სწორედ მიქაუტაძემ დაასახელა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი 2018 წლის 24 დეკემბერს, შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე. კანდიდატებს შორის თავადაც იყო. 

ასევე, პრეტენზიები არსებობდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ის იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატის დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდებოდა, რაც მას უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა. 

2019 წლის 29 იანვარს ტაბულამ გაავრცელა ფოტო, სადაც ღამით გიორგი მიქაუტაძე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ ქართული ოცნების დეპუტატს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს, ასევე, საბჭოს სხვა წევრებს და მოსამართლეებს ხვდება. 

ტაბულას წყაროს მიერ გადაღებულ ფოტოზე ზარდიაშვილთან ერთად სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან. 

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-13 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. 

კომენტარები