სალომე ზურაბიშვილი

პრესსამსახური: პრეზიდენტმა იაპონურ მხარეს საქართველოში კინოს გადაღება შესთავაზა

პრეზიდენტის პრესსამსახური

​საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იაპონიაში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოს კულტურის სახლისა და მედიაჰოლდინგის "ფუჯი" აღმასრულებელ დირექტორთან, ჰისაში ჰიედასთან გამართა შეხვედრა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები განიხილა.

"საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას მედიაჰოლდინგის "ფუჯი" დირექტორთან ქართულ ტრადიციებზე და კულტურულ ფასეულობებზე, ქართულ თანამედროვე კულტურის წარმატებებზე, ასევე იაპონიაში ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის შესაძლებლობაზე და ქართულ კინოზე ისაუბრა და იაპონურ მხარეს საქართველოში კინოს გადაღება შესთავაზა, რამაც შეხვედრის მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია", - აღნიშნავენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, "ფუჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრისას განაცხადა, რომ იაპონიაში ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოსადმი დიდი ინტერესი გამოიწვია.

"თქვენი სტუმრობის მერე, საქართველო ჩემთვის ძალიან ახლობელი ქვეყანა გახდა. ვიცით, რომ ძალიან ძველი და რთული ისტორიის ქვეყანა ხართ. ვფიქრობ, კულტურის მიმართულებით ჩვენს შორის თანამშრომლობის გარკვეული პოტენციალი არსებობს და ძალიან დაინტერესებული ვარ საქართველოთი. ინფორმაციას მივაწვდი ჩემს კომპანიას და აუცილებლად შევუწყობ ხელს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და დარწმუნებული ვარ, ისინიც დაინტერესდებიან და ესტუმრებიან საქართველოს", - თქვა "ფუჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა იაპონურ კომპანია Japan Arts-ს ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა.

კომენტარები