საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში სამუშაო ვიზიტი იაპონიის პრემიერმინისტრთან სინძო აბესთან შეხვედრით დაასრულა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილეს. ზურაბიშვილმა სინძო აბე საქართველოში მოიწვია.
"შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას, აღინიშნა, რომ საჭიროა დროულად მოხდეს მისი გაფორმება, რამაც უნდა გაზარდოს იაპონური კომპანიების ქართული ბაზრით დაინტერესება. ასევე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა კულტურის და სპორტის მიმართულებით, კერძოდ კი, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოები. პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერს იმპერატორის ტახტზე ასვლა მიულოცა," - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა სინძო აბეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაზე, საოკუპაციო ხაზის გადაწევაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ესაუბრა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.