იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს ანა დოლიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართავს

0 კომენტარი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის იმპიჩმენტს გეგმავს და შესაბამისი წერილით პრეზიდენტს რამდენიმე დღეში მიმართავს. საბჭოს მოსამართლე წევრები მიზეზად დოლიძის "პოლიტიკურ საქმიანობას" ასახელებენ.

ანა დოლიძე პრეზიდენტის კვოტით არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართვას ხელს აწერენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები: საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, თამარ ონიანი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო. ასევე არამოსამართლე წევრები: შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი.

საბჭოს სხდომაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა:

"ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 8 იანვარს საკუთარი ადმინისტრაციის წევრი, საპარლამენტო მდივანი და შესაბამისად, იმ დროისთვის აქტიური პოლიტიკოსი ანა დოლიძე დანიშნა საბჭოს წევრად, რითაც საერთაშორისო სტანდარტი დაირღვა. ანა დოლიძის დანიშვნით უგულებელყოფილ იქნა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. მართლმსაჯულების საქმიანობაში გაჩნდა პოლიტიკური შემადგენელი, რადგან მისი ერთ-ერთი წევრი იყო და დღესაც არის აქტიური პოლიტიკოსი".

ანა დოლიძემ საბჭოს წევრების ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

"ქართული ოცნება შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით. განსაკუთრებით შეწუხებულია ქართული ოცნების ინტერესების განმახორციელებელი - იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობა. ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი - გახდება ის პოლიტიკური დევნის ნაწილი თუ იქნება სისტემის მანკიერების კრიტიკული ხმების მხარეს", - თქვა ანა დოლიძემ.

დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძის პასუხად თქვა, რომ მისი ეს განცხადება და პროცესის პოლიტიკურ დევნად შეფასება სწორედ მის პოლიტიკოსობას ადასტურებს.

"მან თავად თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. მისივე განცხადებით, ჩემი არგუმენტების გარეშე, თქვენ წინაშეც დაუდასტურებია, რომ არის პოლიტიკოსი და განიცდის პოლიტიკურ დევნას".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობს, ამბობს, რომ ანა დოლიძე არის ერთადერთი საბჭოში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხზე აკეთებს კომენტარს.

"აქვს საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები. დიახ, გიდასტურებთ, რომ ის არის ერთადერთი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - ჩვენ გვყავს კრიტიკულად განწყობილი სხვა წევრიც, ქალბატონი ნაზის მიმართ არ ყოფილა პრეტენზია, რომ მისი საქმიანობა და შეფასებები გასცდა სასამართლო სისტემას", - თქვა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს კლანის წევრობაში ამხელენ და მმართველი გუნდის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში სდებენ ბრალს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები