ე.წ მუქარის წერილი

ჯაფარიძის თქმით, გამოძიებას ჯერ არ უკითხავს, ვინ და როგორ გადასცა მათ ე.წ მუქარის წერილი

0 კომენტარი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფოტო: ტაბულა

TBC ბანკის ერთერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის, თქმით, მისთვის გამოძიებას ჯერ არ დაუსვამს შეკითხვა, თუ ვინ და რა პირობებში გადასცა მას ე.წ მუქარის წერილი, რომელიც მისი და მისი პარტნიორის, მამუკა ხაზარაძის, თქმით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღეს. 

ტვ პირველის ეთერში ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ წერილის გადაცემის პროცესში შუამავალი არ არსებობდა და ის მან და ხაზარაძემ "პირდაპირ" მიიღეს. არაერთი მცდელობისდა მიუხედავად, ჯაფარიძემ პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა ის პირი, ვისაც გახარიამ ან მასთან დაკავშირებულმა პირმა წერილი გადასცა. 

"მე ამ დეტალებზე არ მინდა საუბარი" - თქვა ჯაფარიძემ. 

ჟურნალისტის ნათქვამზე, რომ საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად, მეტი გულახდილობა და მეტი დეტალის გასაჯაროებაა საჭირო, ჯაფარიძე პასუხობს, რომ მას არ შეხვედრია საზოგადოების არცერთი წარმომადგენელი, რომელსაც წერილის ნამდვილობაში ეჭვი ეპარება. 

"აქ არსებითი მომენტია მთავარი - ყველა ის მუქარა, რომელიც წერილშია ჩამოთვლილი, განხორციელდა,"- ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

მისი თქმით, მან და მამუკა ხაზარაძემ ყველა მტკიცებულება წარადგინეს, რაც კეთილსინდისიერი მცდელობის შემთხვევაში საკმარისი იქნება პროკურატურისთვის, რომ დაადგინოს, მიიღეს თუ არა მათ ეს წერილი. 

ე.წ მუქარის წერილის საქმეზე, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, მტკიცებით მან პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო, ერთერთი მნიშვნელოვანი გარემოება შუამავლის არსებობაა. 

მუქარის წერილზე თავდაპირველად საუბრის დროს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიამ წერილი შუამავლის მეშვეობით გაუგზავნა. ხაზარაძის ამ განცხადებას რუსთავი 2-ზე, შაბათის კურიერში სიუჟეტი მოჰყვა, სადაც წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ წერილი ხაზარაძემ გახარიასგან ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით მიიღო. 

23 ოქტომბერს პროკურატურაში ე.წ მუქარის წერილის დედანის მიტანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, თქვა, რომ საქმეში შუამავალი არ არსებობდა, ხოლო პირი, რომელმაც ხაზარაძეს წერილი მიუტანა, გამოძიების დაწყებისთანავე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას. 

25 ოქტომბერს კი ბადრი ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ წერილის გადაცემის პროცესში საქმეში შუამავალი არ არსებობდა და წერილი მან და ხაზარაძემ "პირდაპირ" მიიღეს. ჯაფარიძე არ ადასტურებს, რომ წერილი გახარიამ მას გადასცა. 

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში ხაზარაძესა და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

მოგვიანებით ხაზარაძემ წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. მუქარის წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. ხაზარაძემ მეორე ტურის წინ ასეთი წერილი მართლაც გამოაქვეყნა. 

ამ განცხადების საფუძველზე ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში დაკითხეს. დაკითხვიდან გამოსულმა ბიზნესმენმა თქვა, რომ სასამართლოში წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. სწორედ ამ გაცხადებული მიზეზით, რომელიც წერილის დედანის არარსებობას ეხებოდა, პროკურატურამ "ფარატინა ფურცელზე" გამოძიება არ დაიწყო. 

ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე საუბარს წინ უძღოდა პროკურატურის მიერ TBC ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის, მიმართ გამოძიების დაწყება, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. გამოძიების შედეგად TBC ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

ლონდონის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი, წერილი საქართველოში დაბრუნდა და 21 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, ის პროკურატურაში მიიტანა. ადვოკატის თქმით, უშუალოდ წერილზე 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელ ბრიტანულ საექპერტო ბიუროს საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდების ბაზაზე წვდომა არ აქვს, მათ ვერ შეძლეს დამატებითი ინფორმაციის მოძიება წერილზე, მათ შორის იმის, თუ სულ რამდენი ადამიანის თითის ანაბეჭდია ე.წ მუქარის წერილზე. 

წერილის დედანის პროკურატურაში მიტანას თავად უწყება განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ "მუქარის წერილის დედანი თვეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში პირთა განუსაზღვრები წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი", რაც მათი თქმით, მდგომარეობას ართულებს და რომ წერილის დედანი "დაულუქავი იყო".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები