ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაია: ციხიდან გამოსვლის შემდეგ ენმ-ში არანაირ პარტიულ პოზიციაზე პრეტენზია არ მექნება

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლად დარჩება, თუმცა არანაირ პარტიულ პოზიციაზე პრეტენზია არ ექნება.

ბაჩო ახალაია აქვე აღნიშნავს, რომ "რაიმე დაუსაბუთებელი პარტიული ამბიციები" რომ გასჩენოდა, ამას ნაციონალურ მოძრაობაში ენთუზიაზმით არ შეხვდებოდნენ. მისი თქმით, ეს სრულიად პრაგმატული და გონივრული იქნებოდა.

"ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია, როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. მერწმუნეთ, ასეთი სურათი ტრაგიკომიკური იქნებოდა, რაც თავისთავად დაძაბულობას შეიტანდა ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი ნამდვილად სიამოვნებას მიანიჭებდა. ჩემთვის უბრალოდ სასიამოვნოა იმის გათვალისწინება, რომ არანაირი ისეთი ამბიცია არ გამაჩნია, რომელიც კონფლიქტში მოვიდოდა რეალობასთან", - ამბობს ბაჩო ახალაია იპნ-სთან.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ მისი შეხედულებები და პრიორიტეტები არ შეცვლილა. ბაჩო ახალაიას თქმით, პარტიული საქმიანობისადმი ინტერესი და შესაბამისი უნარები არასდროს ჰქონია და თანამდებობაზე ყოფნის დროსაც კი, ენმ-ის წევრი არ ყოფილა. ის ამბობს, რომ გაწევრიანებას არც მომავალში აპირებს.

"როგორც არ უნდა ჟღერდეს, თუ მანამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი საკუთარ გამოწვევად, დადგა მომენტი, როცა ის „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა. სულ ეს არის და ეს. ასე რომ, ციხიდან გამოსვლით, ოდესღაც აღებული პასუხისმგებლობის ისტორიის ეს ნაწილი სრულდება, რაც ბუნებრივია, ავტომატურად არასდროს ნიშნავდა შემდეგ ნაბიჯს საჯარო პოლიტიკაში, მით უმეტეს, არასდროს გულისხმობდა მომავალში რაიმე ჰიპოთეტური სარგებლის პოტინს. ასეთი იყო წლების წინ სამყაროს ჩემეული აღქმა და ასეთად რჩება ის ჩემთვის დღემდე", - ამბობს ახალაია.

ბაჩო ახალაია 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2014 წლის ოქტიმბერში თავდაცვის ყოფილ მინისტრს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ახალაია დამნაშავედ ცნო პატიმრების წამების ეპიზოდში. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოძიების მტკიცებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის ციხეში შეღავათიანი პირობების შექმნას გულისხმობს. ბაჩო ახალაია გამართლდა 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბაჩანა ახალაია 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 2009 წლის 28 აგვისტოდან მას ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, 2008-2009 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2005-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.

კომენტარები