20-21 ივნისის მოვლენები

კახიძე: მოსამართლემ თქვა, რომ ახალგაზრდა გოგოსთვის თვალის გამოთხრა კანონიერი შეიძლება იყოს

მეორე არხი

"ეს არის ის სამართალი და სამართლიანობა რომლისთვისაც თქვენ ვითომ ასე იღწვოდით?" - ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე უმრავლესობის წევრებს მიმართავს და სასამართლოს მიერ მიღებულ აგდაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც 20-21 ივნისს დაშავებულ პირებს და მათ შორის მაკო გომურს, დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს. 

კახიძე ამბობს, რომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და გადაწყვეტილების დასაბუთებაში იმ არგუმენტებს იშველიებს, რაც მთავარმა პროკურორმა პარლამენტში მოსმენისას გააჟღერა. 

"ბატონმა თადუმაძემ ჩვენთან გასაუბრების დროს თქვა, რომ ბრალდებულის დადგენა არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაზარალებულად ვცნოთ ადამიანი. ასეთი პასუხის შემდეგ მომენტალურად უნდა დასრულებულიყო მასთან გასაუბრება და გადამდგარიყო გენერალური პროკურორობიდან. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ კი უთხრა გასაგებიაო, მიიღო ეს პასუხი. რომ ბრალდებულად თუ არ არის ჯერ პირი ცნობილი, ამიტომ დაზარალებულად არ უნდა ვცნოთ ადამიანი. ამას უყურა ნინო ჩახნაშვილმა, შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა და თქვა, რომ არ არის დანაშაული მომხდარი, არ დგინდება ეს დანაშაული და თვალებგამოთხრილი გოგო დატოვა დაზარალებულის სტატუსის გარეშე," - ამბობს კახიძე.

კახიძის თქმით, ჩახნაშვილის მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული დასაბუთებები აბსურდულია და ჩახნაშვილი ამ გადაწყვეტლებით ამბობს, რომ რეზინის ტყვიით პოლიციელის მიერ თვალის გამოთხრა დანაშაული რომ არის, ეს არ დგინდება.

" თურმე, კანონიერი ქმედება შეიძლება იყოს ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელიც არაფერს აშავებს, თვალის გამოთხრა. ეს თქვა ჯერ პროკურატურამ და შემდეგ გაიმეორა თქვენმა სასამართლომ."

კახიძის თქმით, გადაწყვეტილებაში ჩახნაშვილმა ასევე მიუთითა, რომ არ დგინდება რომელი დანაშაულით მიადგათ ეს ზიანი აქციის დარბევის შედეგას დაშავებულებს. .

"რომელი დანაშაულის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება? გამოძება რომ დაიწყო, ხომ ნიშნავს, რომ რაღაც დანაშაულს ჰქონდა ადგილი? ეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ არის? ადამიანის დასახიჩრება, მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება არ არის დანაშაული. ამას მშვიდად როგორ უყურებთ?," - მიმართა კახიძემ უმრავლესობას. 

20 ივნისის ღამეს დაშავებული ადამიანები, მათ შორის მაკო გომური, დაზარალებულად არც სასამართლომ ცნო. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 28 ოქტომბერს მიიღო. 

დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა 16 პირს ეხებოდა. აქედან 8 ჟურნალისტია.

თავის დროზე ამ პირებს დაზარალებულის სტატუსზე პროკურატურამაც უარი უთხრა. პროკურატურის უარის შემდეგ უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეფასდება თითოეული ეპიზოდი და ინდივიდუალურად გადაწყდება როგორც შეკრებაში მონაწილე მოქალაქეების, ასევე სამართალდამცველების დაზარალებულად ცნობის საკითხი.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს გაავრცელა.

კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები