თურნავა: ივანიშვილის ინიციატივით წყალტუბო აღმ. ევროპაში ერთერთი მიმზიდველი კურორტი გახდება

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წყალტუბოში ყველა - 22 სანატორიუმისა და 9 აბანოს შესყიდვისა და მისი რეაბილიტაციის დაპირებით გამოვიდა. 

თურნავა ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ "გაცხადებული უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში", წყალტუბო არამხოლოდ ძველ დიდებას აღიდგენს, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი ცნობილი საკურორტო იზიდულობის ცენტრიც გახდება. 

"ჩვენ, როგორც ხედავთ, ვცდილობთ წყალტუბოს განვითარებას - გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ წლების განმავლობაში 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება,"- ამბობს მინისტრი. 

თურნავას შეფასებით, ბიზნესი წყალტუბოს აღდგენით რეაბილიტაციას სტანდარტული მიდგომით ვერ უმკლავდება, რადგან მომგებიანი პროექტი არ არის. 

"ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია," - ამბობს ნათია თურნავა. 

29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ "წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში" ის ქალაქში არსებული უკლებლივ ყველა - 22 სანატორიუმისა და 9 ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას და მათ რეაბილიტაციას გეგმავს.

კომენტარები