ევროპული საქართველო

ბოკერია ჩუგოშვილზე: ევროპული საქართველო გამორიცხავს კოალიციას ქართულ ოცნებასთან

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ტაბულასთან საუბარში ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ევროპული საქართველო გამორიცხავს ქართულ ოცნებასთან კოალიციას. 

ბოკერიას თქმით, მთელი ეს დისკუსია, რომელიც დაიწყო ირაკლი კობახიძის "წამოცდენით", რომ გუნდი 40%-ზე მეტის აღებას ვერ შეძლებს, გაგრძელებული იმით, რომ პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ევროპულ საქართველოსთან კოალიცია არ გამორიცხა და დამთავრებული მამუკა მდინარაძის განცხადებით, რომ 14% ევროპული საქართველოს მაქსიმუმია, ივანიშვილის გუნდისთვის მტკივნეული შეგუების პროცესია, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ არჩევნების შედეგად. 

"ქართულ ოცნებასთან ან პრორუსულ ჯგუფებთან ნებისმიერი ალიანსი ევროპული საქართველოსგან გამორიცხულია, როგორც პრინციპულად, ისე პრაგმატულად,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, მას იგივე პროგნოზი სხვა პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფების მიმართაც, რომ ისინი ვერ შეძლებენ მისცენ თავს უფლება, რომ შევიდნენ ალიანსში ივანიშვილთან, რომელიც ქვეყნის კვლავ სამართავად მანდატს ვერ მიიღებს. 

"ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. ამიტომ, ივანიშვილის იმედი კვლავ სააკაშვილის პოლიტიკური სისულელეებია, მაგრამ ევროპული საქართველო აქ იმისთვის ვართ, რომ ამის ასე დახატვის საშუალებას ივანიშვილს არ მივცემთ, რომ ეს მხოლოდ მასა და მიშას შორის კონკურენციაა,"- ამბობს გიგა ბოკერია.

დეპუტატის თქმით, არჩევნებზე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი იქნება წარმოდგენილი, ხოლო ევროპული საქართველო, მისივე თქმით, არის გუნდი, რომელსაც არამხოლოდ ივანიშვილის დამარცხების ამბიცია აქვს, არამედ ამის შემდეგ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანისაც. 

"ეს გულისხმობს ეკონომიკურ ჩიხს, რომელშიც ივანიშვილმა ქვეყანა შეიყვანა. ჩვენ ამ ყველაფერს პირველ 100 დღეში გააზრებული პოლიტიკით შევცვლით და ამ გააზრებული პოლიტიკის ნაწილი იქნება არა სიების შედგენა, თუ ვის დაჭერას ვაპირებთ და ვისთვის ქონების ჩამორთმევას, არამედ ის, თუ როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ,"- ამბობს ბოკერია. 

ტაბულამ ბოკერიას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც დაუსვა შეკითხვა, რომელიც ჩუგოშვილის ნათქვამს Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და ევროპულ საქართველოს ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაში კიდევ ერთხელ დასდო ბრალი. გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციური ფლანგი ამ ეტაპზე, უპირველეს ყოვლისა, იმაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ რეჟიმში ჩაიაროს და ივანიშვილი, როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, ქვეყანას ჩამოშორდეს. 

"ეს არის მთავარი. ამას სჭირდება ყველა ტიპის პროდასავლური ამომრჩევლის მოსვლა არჩევნებზე და ივანიშვილი სწორედ ამას ცდილობს, რომ ხალხი მოატყუოს, რომ არჩევანი მასა და სააკაშვილს შორისაა. ეს არის მათი თამაში და ჩვენი, ევროპული საქართველოს ამოცანა ის არის, რომ სწორედ ეს არ დავუშვათ,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

---

გადაცემაში პოლიტ-ქალაქი პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, თქვა, რომ შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებზე უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ, მათ შორის ვერც ქართულმა ოცნებამ შეძლოს, რის შემდეგაც განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, იმედს იტოვებს, რომ გამოჩნდება პროდასავლური ძალა, რომელთანაც ოცნებას თანამშრომლობის სურვილი ექნება. 

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროდასავლური ძალა, ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ ეს პარტია "სრულიად დესტრუქციულია". რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, არიან თუ არა პროდასავლური პარტიები ევროპული საქართველო, გირჩი, შენების მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და ლელო, ჩუგოშვილმა უპასუხა "კი". ამ პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე კი ვიცესპიკერმა თქვა, რომ "სავარაუდოდ, შესაძლებელია". 

კომენტარები