საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის მიმართ

ვინდმენი: ტრამპის და ზელენსკის საუბრის ტრანსკიპტში მნიშვნელოვანი ნაწილებია გამოტოვებული

0 კომენტარი
ალექსანდერ ვინდმენი ფოტო: Getty Images

აშშ-ის კონგრესში მოსმენისას ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმენმა, რომელიც უშიშროების საბჭოს ექსპერტია უკრაინის საკითხებში და დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს უსმენდა თქვა, რომ ზარის ტრანსკრიპტში მნიშვნელოვანი სიტყვები და ფრაზებია გამოტოვებული.

მოსმენა დახურულ კარს მიღმა შედგა, თუმცა ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვინდმენის ჩვენების მიხედვით ტრამპმა საუბარში ახსენა კომპანია Burisma, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი. ვინდმენის ჩვენების მიხედვით სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჯო ბაიდენის ჩანაწერები არსებობდა.

თეთრი სახლი ირწმუნება, რომ ტრანსკიპტში გამოტოვებული ნაწილები მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს და ეს მხოლოდ პაუზები და ტექნიკური ხარვეზებია.

ტრამპის მხარდაჭერებმა ვინდმენის, რომელსაც ერაყში არაერთ სამხედრო მისიაში მიუღია მონაწილეობა და მეწამული გულის ჯილდოც აქვს მიღებული, სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ვინდმენი აშშ-ში საბჭოთა კავშირიდან ჩავიდა, წარმოშობით უკრაინელია და ამიტომ, შესაძლოა მიკერძოებული იყოს. აღსანიშნავია, რომ ვინდმენის ოჯახი აშშ-ში მაშინ გადავიდა, როდესაც ის სამი წლის იყო.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე პირველ კენჭისყრას ხვალ გამართავს.

კონგრესმენები ჯერ-ჯერობით ტრამპის იმპიჩმენტს კენჭს არ უყრიან. მათ ხმა უნდა მისცენ საიმპიჩმენტო გამოძიების ძირითად წესებს. ამ დრომდე პელოსი რესპუბლიკური პარტიის მოწოდებაზე ფორმალური კენჭისყრის შესახებ უარს ამბობდა.

პელოსის თქმით ეს ნაბიჯი გააქარწყლებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ თეთრ სახლს დოკუმენტების დამალვა ან კონგრესში გამოკითხვაზე უარის თქმა შეუძლია და პროცესის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს.

თეთრ სახლში საიმპიჩმენტო გამოძიებას უკანონოს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

თუმცა, ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა ანონიმური მხილება, რომელშიც ის სწორედ ამ სატელეფონო საუბარზე და თეთრი სახლის თანამშრომლების მიერ მისი დამალვის მცდელობაზე საუბრობს.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების და იმპიჩმენტის პროცედურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები