უამინდობა აჭარაში

უხვი ნალექის გამო აჭარაში ეზოები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა

0 კომენტარი
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30-31 ოქტომბერს, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა.

უწყების ცნობით, ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია. მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი.

აჭარაში, ასევე, დაფიქსირდა მეწყერის ორი შემთხვევა და დაზიანდა ერთი ხიდი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებოს ცნობით, ამ დროისთვის, აჭარაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რამდენიმე ადგილას გრძელდება წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები