ISIS-მა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და ახალი ლიდერი დაასახელა

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი
AFP

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და ახალი ლიდერი დაასახელა.

მათ Telegram-ზე გაავრცელეს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფების ახალი "ხალიფა" აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-კურაიში იქნება.

ტერორისტული დაჯგუფების მესიჯში დადასტურებულია მათი სპიკერის, აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირის სიკვდილიც. ის ჩრდილოეთ სირიაში აშშ-ის და ქურთი მებრძოლების ერთობლივი ოპერაციისას, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციიდან რამდენიმე საათში მოკლეს. სწორედ ის განიხილებოდა ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელად.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალმა სპიკერმა, აბუ ჰამზა ალ-კურაიშიმ მუსლიმებს მოუწოდა ერთგულება შეჰფიცონ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემის.

მისი სახელი უშიშროების ძალებისათვის ცნობილი არაა. ტერორისტულ დაჯგუფებას მის შესახებ რაიმე ინფორმაცია ნა ფოტო არ გაუვრცელებია, თუმცა ამბობენ, რომ ის "ჯიჰადის წამყვანი ფიგურა" და "ვეტერანი ჯიჰადისტია", რომელსაც აშშ-ის წინააღმდეგ წარსულშიც უბრძოლია.

სახელ ალ-კურაიშის ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრები მოციქულ მუჰამედთან კავშირზე მისანიშნებლად იღებენ, რადგან ის კურეიშიტების ტომიდან იყო და თანამედროვე სუნიტ სწავლულებს მიაჩნიათ, რომ ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ ხალიფას ტიტული მიინიჭონ. ალ-კურაიშის სახელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმაც აიღო.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო.

29 ოქტომბერს მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელიც მოკლულია. მას კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სპიკერი აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირი. აშშ-მა მისი სიკვდილი ოფიციალურად 28 ოქტომბერს დაადასტურა.

აშშ-მა ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციის დეტალები და კადრებიც გაასაჯაროვა.

კომენტარები