ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ

ევროპული საქართველოს წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ. გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი აშშ-ის სენატის წარმომადგენელთა პალატის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასა და უკანონო ბორდერიზაციას.

ასევე, საუბრის თემა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს შიდა გამოწვევები. პარტიის წევრები სენატორი ტომ კოტონს, კონგრესმენებს ჯერალდ კონორს, სტივ ვომაკის, პოლ კუკის, ადამ კინსზინგერსა და დევიდ ფრაისს შეხვდნენ.

პარტიის ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს ამოცანაა ქვეყნის წინაშე მდგომი უსაფრთხოების მთავარი გამოწვევის რუსული ოკუპაციის და საქართველოს სუვერენიტეტის დამხობის მცდელობის საკითხებზე მოკავშირეების ყურადღების გამახვილება და ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე. მისივე თქმით, მნშვნელოვანია, რომ კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვა სწრაფად დაიწყოს სენატში. 

"მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტში სპეციფიკური ადგილი უჭირავს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და ამას უნდა მოჰყვეს მატერიალური შედეგები. მაგალითად, სანქცირება იმ ადამიანების, ვინც ეს მკვლელობები ჩაიდინა. ამას სჭირდება მთავრობის მუშაობა და ჩვენ სკეპტიკურად ვართ განწყობილები. ვცდილობთ და ვაკეთებთ იმდენს, რამდენიც შეუძლია ოპოზიციას, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები წაწიოს წინ," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკა საქართველოში რუსულ საფრთხეებს ზრდის და ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები უნდა იყვნენ. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ ამ წელმა ჩაიაროს მშვიდობიანად. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის და მისი გუნდის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა არ უბიძგოს საქართველოს და არ გადაიყვანოს ძალიან სახიფათო დაძაბულობის და ძალადობის ფაზაში და ამაში ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს," - ამბობს ბოკერია.

სერგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებმა იცოდნენ, თუ რა გამოწვევბის წინაშეა ჩვენი ქვეყნის დემოკრატია. 

"ჩვენი მთავარი ამოცანა აქ არის, რომ ვისაუბროთ საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობაზე. ამერიკის კონგრესმა ახლა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც მალე სენატში იქნება განხილული. ეს არის ერთერთი მთავარი თემა, ისევე როგორც რუსეთთან ურთიერთობები და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და რა თქმა უნდა, ძალიან მნშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იცოდნენ ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას აქვს, განსაკუთრებით ახლა, როცა არჩევნები ახლოვდება და ის ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადადგას ოლიგარქმა ძალადობის და სხვა მხრივ," - ამბობს კაპანაძე.

ევროპული საქართველოს წევრების ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. მათ უკვე გამართეს 20-ზე მეტი შეხვედრა. 

კომენტარები