აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ზახაროვა: აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი კარასინის მონაწილეობით გაგრძელდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას, თქმით, მოლაპარაკებები აბაშიძე-კარასინის ფორმატში გრიგორი კარასინის მონაწილეობით გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. 

"მორიგი, რიგით 23-ე პრაღის შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება,"- თქვა ხაზაროვამ ბრიფინგზე. 

სპიკერის თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატმა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა. 

"ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს ჰუმანიტარული, ტექნიკური კონტაქტები. ადამიანები სულ უფრო მეტად მიდიან ერთმანეთთან,"- თქვა ზახაროვამ. 

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი ბოლოს 13 ივნისს პრაღაში შედგა. 23 აგვისტოს გრიგორი კარასინს 70 წელი შეუსრულდა და სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, მას საჯარო თანამდებობის დატოვება მოუწია. ამ დრომდე უცნობი იყო, როგორ გაგრძელდებოდა მოლაპარაკების ფორმატი. 

კომენტარები