გია უდესიანი

გია უდესიანს გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის პროკურატურამ ბრალი წაუყენა

0 კომენტარი

​საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ გია უდესიანს უძრავი ქონებისა და ორგანიზაციის წილების გამოძალვისთვის, ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალი წაუყენა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, უდესიანის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს ბიზნესმენი ე.ლ. რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან ძალის გამოყენებით და მუქარით მოიტაცეს, იძულებით მოათავსეს მანქანაში და ზაჰესში მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს, სადაც იარაღის მუქარით მისგან ქონების დათმობას ითხოვდნენ. 

"დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, გ.უ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პრაქტიკულად თავისუფლებააღკვეთილ ე.ლ-ს. მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მაღალჩინოსანი დ.ტ., წარუდგინეს შს მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რისთვისაც ადგილზე ასევე მიიყვანეს ნოტარიუსი", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ შედეგად, ბიზნესმენმა შპს "ბარდნალაში" მისი კუთვნილი 30%-იანი წილი, 10280 ლარის ნომინალური ღირებულებით და ცაგერის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, გადააფორმა მოქალაქე მ.ც.-ზე, ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.

"იმის გამო, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში კვლავ ე.ლ.-ს სახელზე იყო აღრიცხული, 2009 წლის 15 დეკემბერს კვლავ დაუკავშირდა ზ.გ. და აიძულა ერთხელ უკვე მ.ც.-ზე გაყიდული უძრავი ქონების რ.ქ-ზე მიყიდვა. ე.ლ.-მ ეს მოთხოვნაც შეასრულა და ამჯერად რ.ქ-ს მიჰყიდა ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, (ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ისე რომ, როგორც 11 ნოემბრის შემთხვევაში, თანხა არ მიუღია", - აცხადებენ პროკურატურაში.

ზ.გ.-ს ჯგუფურ გამოძალვაში ბრალი უწყებაში დღეს წარუდგინეს, ხოლო გია უდესიანის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება გასაცნობად მის ადვოკატს წარედგინება, რადგან ბიზნესმენი ამ დრომდე ძებნაშია.

გია უდესიანი 2016 წლის შემდეგ იძებნება. პროკურატურამ უდესიანისა და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ბრალდებით დაიწყო.

იგივე ბესიკ ხარძიანი თბილისში 2015 წლის 28 მარტს მოკლეს. მას საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ბიზნესმენი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

ხარძიანის დამ, მაია ხარძიანმა მკვლელობას შეკვეთილი უწოდა და შესაძლო შემკვეთად გია უდესიანი დაასახელა. ბესიკ ხარძიანი უდესიანს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა. ბიზნესმენის მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს უდესიანი მას კუს ტბის კომპლექსის წილის დათმობას სთხოვდა, უარის გამო კი 2011 წელს მას ნარკოტიკები ჩაუდეს და დააკავეს, რის შემდეგაც იძულებული გახდა საკუთრება დაეთმო. 2 წლის შემდეგ ხარძიანი ციხიდან გათავისუფლდა და გარიგება სასამართლოში გაასაჩივრა, რის შედეგადაც სასამართლომ კუს ტბის კომპლექსი ხარძიანს დაუბრუნა.

ბესიკ ხარძიანის მკვლელობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გახსნილად 2016 წლის 21 იანვარს გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, ის უკრაინის მოქალაქე ოლეკსანდრ დამეტოვმა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლეგ დოევმა მოკლეს. პროკურატურა ამბობდა, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით ინტენსიური გამოძიება გრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები