გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მოსამართლე: სისხლის სამართლის გამოცდა არ ჩამიბარებია, თუმცა, საფუძველი მაქვს

0 კომენტარი
ლაშა ქოჩიაშვილი ფოტო: პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, რომელსაც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობა სურს, თქვა, რომ სისხლის სამართლის სფეროში კომპეტენტური არ არის, ვინაიდან მხოლოდ სამოქალაქო სამართლის სპეციალისტია. 

ეკა ბესელიამ მას ჰკითხა, ასეთ შემთხვევაში, როგორ აპირებს ის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას. 

ქოჩიაშვილმა თქვა, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით გამოცდა არ ჩაუბარებია, თუმცა, "საფუძველი აქვს". 

ეკა ბესელია: ეთანხმებით, რომ სასამართლო კონტროლი ეფექტიანად არ ხორციელდებოდა? თუ მაინც არ მეთანხმებით. 

ლაშა ქოჩიაშვილი: სამოქალაქო წარმოების მიმართულებით ვერ დაგეთანხმებით, სისხლის სამართლის წარმოების მიმართულებით გყავდათ მოსამართლეები და კიდევ გეყოლებათ. 

ეკა ბესელია: სასამართლოში მე ასეთ გამიჯვნას პირობითად მივიჩნევ, იმიტომ რომ თქვენ გამოცდას როცა აბარებთ...

ლაშა ქოჩიაშვილი: სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი ვარ. 

ეკა ბესელია: სისხლის კუთხით არ ჩაგიბარებიათ

ლაშა ქოჩიაშვილი: არა

ეკა ბესელია: აბა როგორ იმუშავებთ, უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში სისხლის სამართლის კუთხით რომ მოგიწევთ საქმეების განხილვა. იტყვით, რომ არ იცით სისხლის სამართალი უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ?

ლაშა ქოჩიაშვილი: საფუძველი მაქვს საკმაოდ და შემიძლია, თუ... უზენაეს სასამართლოშიც იქნება პალატები: სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის. 

ეკა ბესელია: ხო, მაგრამ დიდი პალატაც არის. 

ლაშა ქოჩიაშვილი: დიდ პალატაში ყველა მოსამართლე არ შედის. 

ეკა ბესელია: და სისხლის სამართლის საქმეზე რომ დასჭირდეთ, დეფიციტია მოსამართლეების და თუ თქვენ აგირჩევთ პარლამენტი, არ მიიღებთ მონაწილეობას? 

ლაშა ქოჩიაშვილი: ამ მოცემულობაში იმდენია სისხლის სამართლის მოსამართლე, დეფიციტი არ იქნება. 

ეკა ბესელია: და თქვენ გგონიათ, ყველას აირჩევს პარლამენტი? ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტანდარტზე ვმსჯელობთ ახლა და რომელსაც, მე ვფიქრობ და არ მგონია, მარტო მე ვფიქრობდე ასე, ვიცნობ რა რამდენიმე ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტანდარტს. ასეთი დიფერენციაცია, რომ მე სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი ვარ და სისხლის სამართალში არ ვარ კომპეტენტური - არ არის ხოლმე, იმიტომ რომ საქმე ეხება უზენაეს სასამართლოს, სადაც ყველაზე მაღალი კვალიფიკაცია გვჭირდება და ყველაზე მაღალი სტანდარტი კომპეტენციის და კეთილსინდისიერების. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატს უკვე რამდენიმე კვირაა უსმენს. მოსმენა 8 ნოემბერს დასრულდება, შემდეგ კი პარლამენტი მათ კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის.

ლაშა ქოჩიაშვილი 1999-2005 წლებში კთერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. 

2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.

2007 წელს ლაშა ქოჩიაშვილი დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2010-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2017 წლის 25 მაისიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 3 წლის ვადითაა განწესებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები