ვითარება საპატრიარქოში

ზურაბიშვილი საპატრიარქოში პროცესებზე: ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის

ტვ. პირველი

საქართველოს პრეზიდენტი მართლმადიდებელი ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად მიიჩნევს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ უთხრა.

"ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის, რომელსაც საზოგადოებამ უპასუხა ღირსეულად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი... გამოძიება არა ვარ მე, მაგრამ ვიცი შედეგი, რომ ეს არის მცდელობა დესტაბილიზაციის იმ მომენტში, როცა ეს ქვეყანა მიდის წინ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, მით უმეტეს, როცა ვამზადებთ მომავალ წელს არჩევნებს, ეს სტაბილურობა, რომელიც არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოზირი, არავისგან არ იყოს...", - ამბობს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ციანიდის საქმის შემდეგ, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები ხელახლა აქტუალური მეუფე იაკობის განცხადებების გამო გახდა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, ილია მეორეს მკვლელობას გეგმავდნენ. ამასთან, იაკობ იაკობაშვილისვე თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი გადაეყენებინათ და მის ნაცვლად მოსაყდრე შიო დაეყენებინათ. ამ განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის, თუმცა ეპარქიის მმართველად რჩება, რადგან "გამოხატა სინანული".

მეუფე იაკობის განცხადებებიდან მალევე, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სინოდის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენაც შეუძლია. ამ განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან ​განაყენეს. მან ჭყონდიდის ეპარქია უკვე დატოვა. პეტრე ცაავა ერთ-ერთი პირველი მღვდელმთავარია, ვინც ილია მეორე საჯაროდ გააკრიტიკა, მისი მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი კი საპატრიარქოში ჩრდილოვან მმართველობაში დაადანაშაულა. მეუფე პეტრე მხარს უჭერს ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლებას.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ეკლესიაში სექსუალური შევიწროების შესახებ. მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არ იმყოფება, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი კაცის შევიწროებაში დასდო ბრალი. მან გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

ტაბულამ მოიპოვა ის წერილიც, რომელიც 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა დაწერა და მეუფე ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს.

კომენტარები