ფილმის ტრეილერი

ფილმის ტრეილერი გამოვიდა, სადაც ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს (VIDEO)

დანტე სპინოტის ფილმის, Now is Everything-ის ტრეილერი გამოქვეყნდა, სადაც ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე, ჰოლივუდის ლეგენდარულ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს. 

ფილმი ახალგაზრდა ფოტოგრაფ ნიკოლას იარნაზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ქარველი მსახიობი ასრულებს. ის უმცროსი ძმის გარდაცვალების გამო განადგურებულია. მისი შეყვარებულის, მატილდას იდუმალი გაუჩინარების შემდეგ კი მოგზაურობას იწყებს და საინტერესო თავგადასავალიც აქედან იწყება. 

ფილმის გადაღებები 2018 წელს დაიწყო. მასში ასევე თამაშობენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები და ალენ დელონის შვილიშვილი. კოსტუმების დიზაინზე კი ოსკარის ორგზის გამარჯვებულმა, კოლინ ეტვუდმა იმუშავა. 

ცნობისთვის, ფილმზე ქართველმა მხატვარმა, ლაშა ზამბახიძემაც იმუშავა. 

დანტე სპინოტი იტალიელი კინემატოგრაფია, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობს. სპინოტი ორჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული. მას ისეთ ცნობილ ფილმეზე უმუშავია, როგორებიცაა The Last of the Mohicans (1992), Heat (1995), The Insider (1999) Wonder Boys (2000) და სხვა. 

ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში "მძევლები" შესრულებული როლით გახდა ცნობილი. 2018 წელს ის 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა, რომლებსაც European Shooting Stars Award გადაეცათ.

კომენტარები