ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ავსტრიაში სემინარზე არ დაუშვეს. საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით, ამის მიზეზად "უსაფრთოხების საკითხები" დასახელდა.
"სემინარის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 6 ნოემბერს, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების საკითხების გამო სემინარში 'რეგიონული სტაბილურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში' მინისტრის მონაწილეობა შეუძლებელია," - ვკითხულობთ განცხადებაში.
სემინარი, რომელშიც მედოევს უნდა მიეღო მონაწილეობა, ქალაქ რაიხენაუში 7-დან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება.
სემინარზე უნდა განეხილათ ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის მდგომარეობა. თავად მედოევს დაგეგმილი ქონდა მოხსენება სახელწოდებით "სამხრეთ ოსეთი: ისტორია და თანამდროვე რეალობები".
ღონისძიების ორგანიზატორი ავსტრიის თავდაცვის ეროვნული აკადემია, ავსტრიის თავდაცვის სამინისტრო იყო.