NATO

ემანუელ მაკრონი: რასაც ამჟამად განვიცდით არის NATO-ს ტვინის სიკვდილი

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი ფოტო: Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Economist-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია" და მიზეზად აშშ-ის, როგორც ალიანსის მთავარი გარანტორის ქმედებები დაასახელა, მათ შორის სირიიდან სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე ძალების გაყვანა.

"რასაც ამჟამად განვიცდით არის NATO-ს ტვინის სიკვდილი." თქვა მაკრონმა და ალიანსის წევრები გააფრთხილა, რომ ალიანსის დაცვის კუთხით აშშ-ს იმედად ვეღარ იქნებიან. "ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ რეალობა იმის თაობაზე, თუ რა არის NATO, აშშ-ის მხრიდან პირობების შესრულების გათვალისწინებით."

მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესრულებაც. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა იფიქრონ საკუთარ თავზე, როგორც გეოპოლიტიკურ ძალაზე, რათა საკუთარი ბედი თავად განაგონ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ მაკრონის ამ რადიკალურ განცხადებას არ ეთანხმება.

NATO-ს დაარსებიდან 70 წლისთავს მომდევნო თვეს, ლონდონში დაგეგმილ სამიტზე აღნიშნავს. ალიანსში მაკრონის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ კვლავ მყარად დგანან და ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ თავდაცვაში.

"აშშ ზრდის ინვესტიციას ევროპაში მეტი ჯარისკაცების გამოგზავნით და წვრთნების ჩატარებით. რეალობა ისაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ვაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას. ნებისმიერი მცდელობა დააშორონ ალიანსი ჩრდილოეთ ამერიკისგან შეიცავს არამ ხოლოდ ალიანსის და ტრანსატლანტიკური კავშირების, არამედ ევროპის დასუსტების საფრთხეს." თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს მიესალმნენ რუსეთში და სრული სიმართლე უწოდეს.

"კარგად არის ნათქვამი. მართალი სიტყვებია. სწორად აღწერს ნატოს ამჟამინდელ მდგომარეობას" დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ Facebook-ზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები