ქართული ოცნება

ვოლსკი: თვითონ ბოკერიაა ხშირ შემთხვევაში უკმეხი გამონათქვამებით გათავხედებული

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას, კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლას ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად არიან გათავხედებულები. 

"მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბოკერია არის ხშირ შემთხვევაში გათავხედებული უკმეხი გამონათქვამებით,"- ამბობს გია ვოლსკი. მის ამ კომენტარს IPN ავრცელებს. 

ძალადობრივ ჯგუფებზე საუბრისას ვოლსკიმ თქვა, რომ არსებობს ჯგუფი, რომელსაც სწორად არ მიაჩნიათ "ისეთი ადამიანური ურთიერთობების პროპაგანდა, რომელიც გარკვეულ ტრადიციას უპირისპირდება, რომლითაც საქართველო დღემდე მოვიდა". მისივე თქმით, არის მეორე ჯგუფიც, რომელიც მიიჩნევს, რომ "ეს" ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაზე ფილმის გადაღებაც შეიძლება, თუნდაც ქართული ცეკვის გამოყენებით. 

"რამდენადაც უკმეხი განცხადებები არ უნდა აკეთოს ბოკერიამ ან სხვამ, ეს აზრი არსებობს და იატაკქვეშ ვერ დაიმალება,"- თქვა ვოლსკიმ.

იმ ძალადობრივ ჯგუფებზე საუბრისას, რომლებიც ლევან აკინის მიერ გეი სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან, ბოკერიამ თქვა, რომ მათ შორის არიან, როგორც სასულიერო პირები, ისე ჩვეულებრივი პროპუტინური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები. 

ბოკერიას თქმით, რა თქმა უნდა, სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათაც აქვთ უფლებები, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, მაგრამ მათი შეფასება ცალსახა უნდა იყოს. 

"ეს ხალხი გათავხედდა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად, იმიტომ რომ ივანიშვილის მათ იყენებს საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ჩვენი ქვეყნის შიგნით ადამიანების თავისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ,"- თქვა ბოკერიამ. 

კომენტარები