და ჩვენ ვიცეკვეთ

ფილმში And Then We Danced შსს-მ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართულ-შვედურ ფილმში And Then We Danced პორნოგრაფიის ნიშნები ვერ ნახა და გამოძიებაც არ დაიწყო.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, 8 ნოემბერს, ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური გაერთიანების "ეროვნულ ძალთა შეთანხმების" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ უწყებას განცხადებით მიმართა და მოითხოვა ფილმის შინაარსის შესწავლა და მისი ჩვენების შეზღუდვა. შსს-ში ამბობენ, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაიწყო.

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა. უშუალოდ ფილმის მაყურებლებს ჩვენებაზე საფრთხე არ დამუქრებია. 

თუმცა, კინოთეატრ "ამირანთან" მდგომი ძალადობრივი ჯგუფის წევრები პრემიერის დღეს პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა.

კომენტარები